ანდრო გოცირიძე – ის, ვინც ხელისუფლებაში რუსული ინტერესის გამტარებელია, კარგად ხვდება, რასაც აკეთებს – უნდა დაინერგოს მითი, რომ ომი საქართველომ დაიწყო დასავლეთის მითითებით და რომ დასავლეთი ახლა იმავეს აკეთებს უკრაინაში

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.

– ბატონო ანდრო, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტის“ განხილვის დაწყებას მხარი დაუჭირა. -ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, – „MEGOBARI აქტი“ არის “მკაფიო მესიჯი” ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, რომ დემოკრატიული მომავალი შეინარჩუნონ“.

მისივე თქმით, “მეგობარი აქტი” ითვალისწინებს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც “მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას ცდილობდნენ”. სენატორი ხაზს უსვამს, რომ აქტს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა.

კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI), გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა.

იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი – მთლიანმა პალატებმა.

სხვადასხვა ინფორმაციით, კანონპროექტს აშშ-ს მთლიანი პალატა, სავარაუდოდ, თვე ნახევრის, მაქსიმუმ 2 თვეში მიიღებს. მომხდარით ოპოზიციური სპექტრი სიხარულს არ მალავს, მმართველი გუნდი კი აშკარა გაბრაზებას.

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და იმას, რომ კანონის მიღების შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს?

– უაღრესად სამწუხარო ფაქტია, როდესაც ამერიკელი კანონმდებლები კონგრესსა და სენატში არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და რუსული ოკუპაციის შეკავებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს განიხილავენ, არამედ საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის კურსის ცვლილებაზე უწევთ რეაგირება.

რაც არ უნდა დაბალანსებულად იყოს ამგვარი დოკუმენტები შექმნილი, ის მაინც ნეგატიურად აისახება სახელმწიფოზე – აქ საკამათო არაფერია, მაგრამ ისიც უდავოა, რომ სრული პასუხისმგებლობა ამ უმძიმეს ფაქტზე ხელისუფლებას ეკისრება. სწორედ ხელისუფლების მიზანმიმართულმა ნაბიჯებმა განაპირობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების იმდენად დაბალი, უფრო მეტიც, არამეგობრული დონე, რაც საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა.

ოცდაათი წლის მანძილზე საქართველოს დიპლომატების, სახელმწიფო მოხელეების, პოლიტიკოსების, უსაფრთხოების სექტორის, გნებავთ, სპეცსამსახურების მთელი თაობების ძალისხმევა დაიხარჯა იმისთვის, რომ ევროპა და შეერთებული შტატები საქართველოს საკითხით დაინტერესებულიყვნენ და ჩამოყალიბებულიყო ის საერთო ღირებულებები, რაც ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის უდავო წინაპირობას წარმოადგენდა.

ამას მოჰყვა საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხოების არა მარტო მომხმარებლის, არამედ პროვაიდერის სტატუსის დამკვიდრება.

ამ დროის განმავლობაში ყოფილა ნულოვანი ნიშნულიც, პრობლემებიც, არაღიარებაც, მაგრამ არასდროს ყოფილა არამეგობრული რიტორიკა და კონფრონტაცია. საქართველო ყოველთვის წინ მიდიოდა და დღევანდელი სავალალო მდგომარეობა არასწორი, ძირითადად მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია.

ახლა, როდესაც ვაშინგტონი ისედაც ცდილობს ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტების შესაბამისად ძალების გადაჯგუფებას და ს არქტიკაში, ხოლო ჩინეთის წყნარ ოკეანეში შეკავებაზე ფოკუსირებას, საქართველო გაათმაგებულ ძალისხმევას უნდა დებდეს იმისკენ, რომ შეერთებული შტატების დღის წესრიგში დარჩეს, როგორც დემოკრატიის ერთადერთი მოდელი რეგიონში.

ისევ სანქციების საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ვის აწყობს სანქციები? მმართველი პარტია თავისას მიიღებს: დასავლეთთან ურთიერთობის ამ დონემდე დაყვანა შეცდომების წყალობით კი არ მოხდა, არამედ ოცნება დიდი ხანია ცდილობს მიაღწიოს იზოლაციას, იმგვარ გარემოს, სადაც არავინ დაინტერესდება მისი მოქმედებებით, არ იქნება ან არარელევანტური იქნება კრიტიკა და მას საშუალება ექნება ძალაუფლების მაქსიმალური კონცენტრაციით უზრუნველყოს ხელისუფლებაში დიდი ხნით ყოფნა. მართალია, ეს ყველაფერი მას ფინანსურადაც აზარალებს და ერთგვარ დისკომფორტსაც უქმნის, მაგრამ ამ სიცარიელის ამოვსებას იგი ავტოკრატიულ რეჟიმებთან ურთიერთობით ცდილობს.

ჩინეთი, რუსეთი სიამოვნებით შეავსებენ ამ ფინანსურ ვაკუუმს და შესაბამის პოლიტიკურ მოთხოვნებსაც მოაყოლებენ ამ ფულს. ამავე დროს, ხელისუფლება, რომლის ძირითადი ნიშაც ახლა დასავლეთის კრიტიკაა, ვითომდა საშინაო საქმეებში ჩარევის რუსული ნარატივით, ამ სანქციებს ხალხის პროდასავლური განწყობების შესაცვლელად, ანტიდასავლური რიტორიკის გასაღრმავებლად იყენებს და სუვერენულ დემოკრატიაზე აპელირებით კიდევ უფრო დაშორდება ანგარიშვალდებულ პოლიტიკურ პროცესს.

ამასობაში შეერთებულ შტატებში პოლიტიკოსების ის თაობა, რომლებისთვისაც საქართველო წლების მანძილზე ღირსებული პარტნიორი იყო, ვის მხარდამხარაც გვიბრძოლია ანტიტერორისტულ კოალიციასა თუ ავტოკრატიულ რეჟიმებთან, ბუნებრივად მიდის სცენიდან და ახალ პოლიტიკოსებს კი საქართველოსთან ბოლო წლების კონფრონტაციული რიტორიკა ახსოვთ, რაც ჩვენი პრობლემებისადმი მათ დამოკიდებულებას განაპირობებს.

ერთადერთი, რაც ამერიკელების ინტერესს ჯერ კიდევ გვინარჩუნებს, ხალხის მხრიდან ავტოკრატიული რეჟიმის ფორმირების მიუღებლობაა: ამ რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულებას ინარჩუნებდა და ამის გარანტად ინტეგრაციას აღრმავებდა დასავლურ სამყაროსთან.

თუმცა ამ მიუღებლობის კრიტიკულ მასად გარდაქმნა ხანგრძლივი პროცესია და ვერავინ იტყვის, მანამდე რა მოხდება მსოფლიოში, სადაც ახლა ხელახალი გადანაწილება მიმდინარეობს. ამ გადანაწილებაში კი საქართველო პარტნიორების გარეშეა დარჩენილი და მოლაპარაკების მაგიდასთან მის საკითხს მხოლოდ რუსეთი ან რუსეთთან დამეგობრებული ხელისუფლებები თუ წამოწევენ, რასაკვირველია, საზიანო კონოტაციით.

არის კიდევ ერთი პრობლემა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. შორეულ თუ ახლო პერსპექტივაში, ოსებისთვის და უფრო მეტად კი, აფხაზებისთვის საქართველო, როგორც დასავლურ სამყაროსთან დამაკავშირებელი ხიდი, როგორც რუსეთის ალტერნატივა, გამარჯვებული დემოკრატია შეიძლება იყოს მიმზიდველი და თუ საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობა გაუფუჭდება, ხოლო რუსეთი ჩვეულებრივ ქუთაისის და თბილისის გუბერნიებად აღიქვამს, სოხუმის ოლქის მხარდამხარ, მაშინ რა უნდა იყოს ის არგუმენტი, რასაც აფხაზური ოპოზიცია შესთავაზებს იქაურ ძირგამომპალ და მორყეულ რუსულ მმართველობას?

ამ ფონზე, ერთადერთი, საქართველოს საკითხში ვინც ხეირობს, რუსეთია: იზოლაციაში მოქცეულ საქართველოს მოუწევს რუსეთის თამაშის წესების მიღება, მითუმეტეს თუ ამას ეკონომიკური ბერკეტებიც დაემატება. ბუნებრივია, ამ დისპოზიციით ყველაზე მეტად საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები ზარალდება, ოღონდ, ამას ვერც ამერიკელ კანონმდებლებს დავაბრალებთ და ვერც „ქართული ოცნების“ გულუბრყვილობას.

– აშშ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „მეგობარ აქტის“ განხილვის დაანონსებანდე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იმგვარი განცხადებები აკეთეს სენატორ ჯიმ რიშის წინააღმდეგ, „იმედები გამოთქვეს რომ იგი თავისი წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას გადახედავდა“, როგორ ჩანს, სენატი რომ საქართველოსთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის არასასურველ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მმართველ გუნდში ამგვარი მოლოდინი არსებობდა.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი – „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში ვერ იმუშავა, თუ იმუშავა და შედეგი არ ჰქონდა?

თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეაქციას?

– ფაქტია, ამ ეტაპზე შედეგი არ არის „ოცნების“ ხელისუფლებისთვის სასურველი, მაგრამ მოდით, სანქციების თემას პანაცეად ნუ შევხედავთ. „კარგი იქნებოდა არ დავესანქცირებინეთ“, მაგრამ რეალურად ცდილობს კი ხელისუფლება სანქციებიდან თავის არიდებას?

სანქცირება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ხელისუფლების გარდა სახელმწიფოს, მოქალაქეებსაც აზარალებს. ამ ფონზე კი პარტია უფრო აღრმავებს მოსახლეობაში განწყობას, რომ დასავლეთი საქართველოს მტრობს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ომში არ ჩაერთო. ნელ- ნელა „ოცნების“ მხარდამჭერებში ეს აღქმა მტკიცდება და ერთგვარ ჩაკირულ კლიშედ იქცევა რუსული პროპაგანდის ძირითადი პოსტულატი: „დასავლეთმა გააჩაღა ომი ში რუსეთის წინააღმდეგ და ცვლის იმ მთავრობებს, რომლებიც მისი მოთხოვნით არ ერთვებიან ომში. რუსეთი მხოლოდ თავს იცავს.“

გასაგებია, რომ ასე განწყობილი მოქალაქეების წილი დიდი არ არის, მაგრამ ის სრულიად საკმარისია ავტოკრატიული რეჟიმის მოქმედებების „ლეგიტიმაციისთვის“, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სხვაგვარად მოაზროვნენი პატიმრობაში არიან, ქვეყანას ტოვებენ ან ფინანსურ კრიზისში შედიან დრაკონული კანონების და ჯარიმების გამო.

ამრიგად, ნელ ნელა ხდება ამომრჩევლის განწყობების ცვლილება და ერთ დღესაც, შესაძლოა, სავსებით „დემოკრატიულად“ მივიღოთ ამომრჩევლის უმეტესობის ნება ნეიტრალიტეტის გამოცხადების შესახებ.

რუსეთი ამ იარაღს დიდი ხანია ცდის საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში: დემოკრატიული ინსტიტუტების მანიპულაციური გამოყენებით მოახდინოს საგარეო ვექტორის ცვლილება მეზობელ ქვეყნებში.

– სწორედ აშშ-ს სენატში 27 მარტს დანიშნული „მეგობარი აქტის“ განხილვის დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა მ განაცხადა იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი გეგმავდა საპარლამენტო კომისიის უფლებამოსილების გაფართოებას და „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის თემაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას.

თუ მამუკა მდინარაძის განცხადებას კარგად დავუკვირდებით, საუბარია, არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვაზე, არამედ პრაქტიკულად, ლამის მთელი ოპოზიციური სპექტრის აკრძალვაზე. ეს რომ ასეა, ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიაც მეტყველებს.

მამუკა მდინარაძემ ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როცა, საპარლამენტო კომისიას გაწეულ მუშაობაზე დასკვნაც კი არ აქვს დადებული. რჩება შთაბეჭდილება, რომ ასე უპასუხა „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ს სენატში „MEGOBARI აქტის“ სავარაუდო მიღებას.

ბევრი ამბობს, რომ თუ ისე მოხდა, როგორც მდინარაძემ თქვა, „ქვეყანა ფორმალიზებულ ავტორიტარიზმში აღმოჩნდება“.

სოციალურ ქსელში დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის მუშაობაზე თქვენს სტატუსს გავეცანი და ამის გამო შეგეხმიანეთ. მაგრამ, ვიდრე საპარლამენტო კომისიის ფარგლებში დაბარებულთა გამოკითხვის თემას შევეხებით, მანამდე უნდა გკითხოთ – რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ „ნაციონალებისა“ და ოპოზიციის აკრძალვის შესახებ „ოცნების“ უკავშირდებოდეს სენატში MEGOBARI აქტის განხილვის დაწყებას, როგორც ამას ბევრი ვარაუდობს?

– ბუნებრივია, პირდაპირ ან ირიბად ეს საკითხები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. სენატის ეს დოკუმენტი ცალკე აღებული ფურცელი ხომ არ არის? ის გამოხატავს შეერთებული შტატების ორპარტიულ პოზიციას, რომ არ ითანამშრომლებს ავტოკრატიული ინტერესებით შეპყრობილ ხელისუფლებასთან და გააძლიერებს არასამთავრობო სექტორს, მედიას და დემოკრატიის სხვა ინსტრუმენტებს.

საქმე ის გახლავთ, რომ დემოკრატიის ეს ინსტიტუტები, ზოგადად დემოკრატია მმართველი პარტიისთვის უჟანგბადო არეა. ასევე რთულია ცხოვრება ამერიკული სანქციების პირობებში.

ამიტომ, „ოცნება“ ცდილობს, ვაშინგტონი საერთოდ არ დაინტერესდეს ქართული საკითხით, მაგრამ რადგან ეს ბოლომდე მის ხელში არ არის, ასუფთავებს ველს რათა იმ მომენტისთვის, როდესაც ვაშინგტონის ადმინისტრაცია სერიოზულად დაკავდება რეგიონით, მას საკუთარ წიაღში ნაშობი ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, სრულად გაკონტროლებული სახელმწიფო სტრუქტურები და „მოჭკვიანებული“ ამომრჩეველი დაახვედროს.

– რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ საპარლამენტო კომისიის სხდომას. წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე გაიმართა რამდენიმე სხდომა. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივ არჩევნებზე პოლიტიკური ოპონენტების გარეშე ჩატარება სურს. თუმცა, ოპოზიციის უმეტესობა მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობას ისედაც არ აპირებს.

ცალკე საუბრის თემაა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამართული მოსმენები. თუ „ნაციონალებთან“ დაკავშირებით განხილვების მიზანი ადგილობრივ არჩევნებამდე მათი პოლიტიკური სცენიდან გაქრობაა, გაუგებარია, 2008 წლის ომთან დაკავშირებული განხილვები რას ემსახურება.

მითუმეტეს, რომ ამ თემაზე იმდენი გამოძიებაა ჩატარებული, იმდენი ფაქტობრივი მასალაა დადებული, დაინტერესებულ პირებს უპრობლემოდ შეუძლიათ მათი ნახვა და დეტალურად გაცნობა.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა საპარლამენტო კომისიაზე გამართულმა სხდომებმა ერთი მხრივ „ნაციონალების“ მმართველობისას ჩადენილ დანაშაულებზე, ხოლო მეორე მხრივ 2008 წლის ომთან დაკავშირებით?

თქვენც ფიქრობთ, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიას საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების დადანაშაულება სურს?

– ძალიან დამაზიანებელი პროცესია. ხელისუფლებაში ვიღაც, შესაძლოა, მართლაც პოლიტიკური მოტივით ხელმძღვანელობდეს და ოპონენტს ამ გზით უსწორდებოდეს, აკრავდეს მას „გლობალური ომის პარტიის აგენტის“ იარლიყს, მაგრამ ის, ვინც ხელისუფლებაში რუსული ინტერესის გამტარია, კარგად ხვდება რასაც აკეთებს: უნდა დაინერგოს მითი, რომ ომი საქართველომ დაიწყო დასავლეთის მითითებით და რომ დასავლეთი ახლა იმავეს აკეთებს უკრაინაში.

სწორედ ეს სჭირდება რუსეთს: ერთის მხრივ გასტეხოს საქართველოს მოსახლეობის სწრაფვა თავისუფლებისაკენ, მეორეს მხრივ კი, დიდი გადანაწილების პირობებში გაამყაროს პოზიცია, რომ უკრაინის ომში დასავლეთი და მისი აგენტურა იყო დამნაშავე, რუსეთი კი თავს იცავდა, ისევე, როგორც საქართველოში ის „ფაშიზმთან ბრძოლის“ ეგიდით და „ფაშისტური რეჟიმის მშვიდობისაკენ იძულებისთვის“ შევიდა.

დავაკვირდეთ, რა ტერმინებია საერთო რუსეთ-საქართველოს და რუსეთ-უკრაინის ომების რუსული შეფასებისას: „ფაშიზმი“, „დენაციფიკაცია“, „საკუთარი მოსახლეობის განადგურება“, „ომის თავიდან არ აცილება“. რუსეთი ცდილობს დაიმკვიდროს პოზიცია, რომ ის დემოკრატიის, ტრადიციების დამცველი ქვეყანაა და მას სწორედ ამის გამო ესხმის თავს დასავლეთი, მეზობელ ქვეყნებში ფერადი რევოლუციების შედეგად ჩანერგილი აგენტურული მთავრობების ხელით.

კლიშეები, ალუზიები, რომლებიც ამ მიმართულებით გამოიყენება წმინდა საბჭოთა სუკ-ის სახელმძღვანელოდანაა: ვინც საბჭოთა პერიოდს მოვესწარით, ეს პროპაგანდა „ვრემიადან“ გვესმოდა ავღანელი ხალხისთვის აღმოჩენილი ინტერნაციონალური დახმარების ფარგლებში. თავად 2008 წლის ომს რაც შეეხება, რამდენი კომისიაც არ უნდა შეიქმნეს, ნათელია: ომი რუსეთმა დაიწყო და ის გარდაუვალი იყო. თუ არ მოხდებოდა დაპირისპირება შიდა ქართლში, მოხდებოდა მცხეთასთან ან რუსთავთან.

შეიძლება ვიმსჯელოთ სხვადასხვა თემაზე, რატომ ვერ მოხდა უკეთესად მომზადება, რატომ არ მოხერხდა სამხედრო, პოლიტიკური, დიპლომატიური, ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზება. ამ საკითხებში პოლიტიკურ ოპონენტს შეიძლება დასდო ბრალი, წარმოვაჩინოთ, კერძოდ რა შესაძლებლობა არ იქნა გამოყენებული, მაგრამ მისი დადანაშაულება იმაში, რომ წინ აღუდგა აგრესიას, სამარცხვინო და ზიანის მომტანია.

ცალკე მსჯელობის თემაა რა ტაქტიკური, სტრატეგიული თუ ოპერატიული შეცდომები იყო დაშვებული საბრძოლო ოპერაციების წარმოებისას. ბუნებრივია, ასეთი შეცდომები იყო, მაგრამ ეს სპეციალისტების მიერ უნდა იყოს გაანალიზებული (არის კიდევაც, რამდენადაც ვიცი) და სამხედრო გეგმებში აქამდეც უნდა იყოს ასახული. 17 წლის თავზე ამაზე ღია ეთერში მსჯელობა რისი მომტანია?

ან, დავუშვათ, დავადასტურეთ, რომ საქართველოს ფაშისტური რეჟიმი მართავდა, რომელმაც ომი წამოიწყო, საკუთარი მოსახლეობა გაწირა და ოს ხალხს გენოციდი მოუწყო. ეს საქართველოს თუნდაც ოს და აფხაზ ხალხთან, რუსეთთან ან დასავლეთთან ურთიერთობაში რა სარგებელს აძლევს?

შესაძლოა, ეს ხელს აძლევდეს ყველას, ნებისმიერ დიდ და მცირე აქტორს: ზოგს საკუთარი „სახელმწიფოებრიობის“ არგუმენტაციისთვის, ზოგს- ჩადენილი ბარბაროსობის და აგრესიის გასამართლებლად, ზოგსაც, ჩვენი პრობლემებისგან ხელის დასაბანად, მაგრამ საქართველოს ამ ურთულეს ეპოქაში ეს სჭირდება?

– „ინტერპრესნიუსთან“ ამ წლის მასალაში გაქვთ ნათქვამი – „საქართველო დღეს ბევრად დაუცველია, ვიდრე, მაგალითად ათი წლის წინ“.

იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება დღეს აშშ-ში, ევროპაში, აშშ-ევროპისა და უკრაინა-რუსეთისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობებში, ცხადად ჩანს, რომ ჩვენს ირგვლივ ტურბულენციის დონე საკმაოდ მაღალია და შესაბამისად, დაუცველობის ხარისხიც ერთი ორად გაზრდილია.

ყოველივე ამის გათვალისწინებით საქართველო დღეს, რამდენად დაცული და უსაფრთხო ქვეყანაა?

– ამ ტურბულენტურ სამყაროში, რეგიონში, სადაც ტექტონიკური ძვრები ხდება, როდესაც, ფაქტობრივად ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება, საქართველოსთვის დაცვის ერთადერთი გარანტია პარტნიორებთან ერთად უსაფრთხოების ქოლგის შექმნა, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, დემოკრატიის კონსოლიდაცია, დემოკრატიული პროცესების და ინსტიტუტების გაძლიერება და საერთო-ეროვნული ინტერესების გარშემო ყველა ძალის კონცენტრაციაა.

ყველა ამ მიმართულებაზე გვაქვს თვალშისაცემი უკუსვლა, შესაბამისად, სამწუხაროდ, საქართველო ახლა უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, 2012 ან 2014 წელს იყო.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი