კონკრეტულად ვინ არ არის მზად: ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ქართველი ხალხი თუ პარტია „ქართული ოცნება“? პასუხი ნათელია, – ასე ეხმაურება ევროპარამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არაა.
„დეკემბერში ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. 4 თვის შემდეგ ის ამბობს, რომ საქარრთველო მზად არ არის. კონკრეტულად ვინ არ არის მზად: ქართველი ხალხი თუ პარტია „ქართული ოცნება“? პასუხი ნათელია – „ქართული ოცნება“ რუსული სტილის კანონებს აწესებს, პროევროპელი ხალხი კი ქუჩებში აპროტესტებს“, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ზე.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არაა.
„დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ [ევროკავშირის] წევრი ქვეყანა, ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ დრო დასჭირდება ამას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.