25 მაისის ღამეს უკრაინაში ახალი საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე, რათა მან „შეწყვიტოს მკვლელობები“.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კვირას 25 მაისს ღამით რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მორიგი მასიური და სისხლიანი საჰაერო თავდასხმის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულონ ის დაუყოვნებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას.
სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ რუსეთმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.
„რუსეთმა ღამით უკრაინის ქალაქებსა და დაბებში ასობით დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც ადამიანები, მათ შორის, სულ მცირე, სამი ბავშვი, დაიღუპნენ და დაიჭრნენ“, – დაწერა მან.
„იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდებს, პუტინი იერიშიების მიტანისა და ბავშვების მკვლელობების ახალ-ახალ ბრძანებებს გასცემს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უპირობო და ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას, როგორც ნებისმიერი სერიოზული სამშვიდობო პროცესის საფუძველს. საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოახდინოს, რათა ის დათანხმდეს ამას და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მკვლელობები“, – განაცხადა ანდრეი სიბიჰამ.
უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 25 მაისის ღამეს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 367 რაკეტა და დრონი გაუშვა: 297 Shahed-ის ტიპის დრონი და სხვადასხვა ტიპის დრონების იმიტატორი, 55 ფრთოსანი რაკეტა, 9 ბალისტიკური რაკეტა და 4 X-59/69 რაკეტა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ან გაანეიტრალეს 45 რაკეტა და 266 დრონი.
ფორუმი
