უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე რუსეთის მიერ ბოლოდ დროს განხორციელებულ თავდასხმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ძირს უთხრის აშშ-სა და სხვა ქვეყნების სამშვიდობო ძალისხმევას.
„რუსეთმა წუხელ კიევზე დრონებით მასიური თავდასხმა განახორციელა, სამიზნე იყო საცხოვრებელი ადგილები და სახლებში მძინარე მშვიდობიანი მოსახლეობა. დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის მამა და მისი ხუთი წლის ქალიშვილი, რვა კი დაშავდა. ეს მოხდა კროპივნიცკის, ზაპოროჟიეს, ოდესასა და სხვა ქალაქებში ბოლო დღეებში განხორციელებული მსგავსი თავდასხმების შემდეგ. რუსეთის სისტემატური და მიზანმიმართული ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ეწინააღმდეგება მის განცხადებებს მშვიდობის შესახებ და ძირს უთხრის აშშ-სა და სხვა პარტნიორების სამშვიდობო ძალისხმევას“, – წერს სიბიგა.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობები, რათა დაიცვას თავისი ხალხი რუსული ტერორისგან და აგრესორზე გაზრდილი ზეწოლა ომის დასასრულებლად.
