პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება, გააგრძელოს მოქმედება სრული დაუსჯელობის განცდით, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
მისი თქმით, უკრაინა მოუწოდებს ყველა ევროპელ მოკავშირეს, შეერთებულ შტატებს, „დიდ შვიდეულსა“ და სხვა ქვეყნებს, დაუყოვნებლივ განახორციელონ მაქსიმალური ზეწოლა მოსკოვზე.
„მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ომის დაფინანსების შეჩერებისა და რუსეთის ომის მანქანის რესურსების გამოფიტვისკენ. ეს შეიძლება და უნდა იყოს კოორდინირებული ნაბიჯები ატლანტის ოკეანის ორივე მხრიდან, მაგრამ ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას ახლავე და არა მოგვიანებით“, – აცხადებს სიბიგა.
მისი მტკიცებით, რუსეთის ეკონომიკა ისედაც ცუდ მდგომარეობაშია.
„სერიოზული დამატებითი ზეწოლით პუტინი გააცნობიერებს, რომ ომის გაგრძელება საფრთხეს უქმნის მის რეჟიმს და პირადად მას. მოდით, დავასრულოთ ეს ომი რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების შეწყვეტით“, – წერს სიბიგა.
