რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის უფროსმა ქალიშვილმა მარია ვორონცოვამ 944 მილიონი რუბლი (10,7 მილიონი ამერიკული დოლარი) გამოიმუშავა 2019 წლიდან 2022 წლამდე, როგორც New Medical Company-ის (NOMEKO) თანამშრომელმა – იუწყება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გუნდი 15 იანვარს გამოქვეყნებულ საგამოძიებო ანგარიშში.
ნავალნის გუნდის თანახმად, ვორონცოვამ – რომელიც განათლებით ენდოკრინოლოგია – NOMEKO-ში მუშაობა 2019 წელს დაიწყო, როგორც თანადამფუძნებელმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა. გამოძიების თანახმად, NOMEKO-მ შემოსავლები ძირითადად მოიპოვა რუსეთის კომპანია Sogaz-თან თანამშრომლობით. Sogaz-ს ფლობს იური კოვალჩუკი, პუტინის ახლო მოკავშირე და რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი.
NOMEKO-სგან მიღებული ხელფასის და დივიდენდების გარდა, ვორონცოვა ყოველთვიურად იღებს 110 ათას რუბლს ($1250) მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც ნომინალურადაა რეგისტრირებული ფუნდამენტური მედიცინის ფაკულტეტის თანამშრომლად – ვკითხულობთ საგამოძიებო ანგარიშში.