ბიძინა ივანიშვილს აწყობს, საკრებულოებში ორი და სამი კაცი შეაყვანინოს, გახარია იქნება თუ “ლელო”, იტყვის, რომ ოპოზიციური პარტიები მონაწილეობდნენ არჩევნებში, თვითონ 80% აიღოს, მაგრამ ამით საბოლოოდ მოკლავს საპარლამენტო არჩევნებზე საუბრის შესაძლებლობასაც კი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
მისი თქმით, თუ “ქართული ოცნება” არ გაურიგდა რომელიმე მათგანს, რომელიმე დიდ ქალაქში გამარჯვების საშუალებას არ მისცემს.
“მე ეს პროცესი ძალიან მაგონებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბოიკოტს და იმას, რაც მაშინ გააკეთეს პოლიტიკურმა პარტიებმა. მაშინ რომ ბოიკოტს გაეძლო, ყველაზე მეტი შანსი იყო იმის, რომ “ქართული ოცნება” ჩამოშლილიყო. მაშინ ცოტა მაინც რომ გაეძლოთ პოლიტიკურ პარტიებს და არ ყოფილიყვნენ ილუზიებში, რომ შიგნიდან უნდა დაემხოთ, ან ვიღაცა რაღაც ცალკეულ რესურსს გამოჰკიდებოდა და ა.შ. დღეს “ქართული ოცნება” არ იქნებოდა ისეთი ძლიერი, როგორიც იყო 2024 წლის არჩევნებზე და მანამდე იქნებოდა ჩამოშლილი.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ იმ ადამიანების იმ ნაწილს, ვინც პროტესტში არიან ჩართული, ბოლომდე გაცნობიერებული არ აქვთ, რა რეჟიმთან გვაქვს საქმე. მაინც ჰგონიათ, რომ მათივე დადგენილი თამაშის წესებით “ქართულ ოცნებას” რაღაც მოუგო. მგონია, რომ არ იციან, რა არის არჩევნები და როგორ ყალბდება ის.
ჩვენ, ყველამ, ოპოზიციურმა პარტიებმა უარი ვთქვით პარლამენტში შესვლაზე. მაგ ლოგიკით თუ ისევ, იგივე ცენტრალური საარჩევნო კომისიით, იგივე სუს-ით… რამე შეიცვალა ქვეყანაში? გარდა იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” კიდევ უფრო გააუარესა საარჩევნო გარემო? მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან კითხვას უნდა გასცენ პასუხი იმ პარტიებმა, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული – რა არის მათი მიზანი ამ არჩევნებში მონაწილეობით? ჰგონიათ, რომ “ქართული ოცნება” მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ სადმე გაიმარჯვონ? რატომ შედიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ჰგონიათ, რომ გაიმარჯვებენ? მაშინ გვითხრან, სად წარმოუდგენიათ, რომ გაიმარჯვებენ.
თუ “ქართული ოცნება” არ გაურიგდა რომელიმე მათგანს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, არ მისცემს არცერთ მათგანს იმის შესაძლებლობას, რომ რომელიმე დიდ ქალაქში რამე შედეგი დადონ. თუ გამარჯვებისთვის არ შედიან, მაშინ გვითხრან, რა არის მიზანი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ძალიან განსხვავდება მთელი თავისი არსით საპარლამენტო არჩევნებისგან. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რეგიონი სხვანაირად უყურებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს იმიტომ, რომ სოფელში ირჩევა სოფლის წარმომადგენელი. იქ პიროვნული ურთიერთობები წყდება. როცა ვირჩევ სოფლის მაჟორიტარს და ვხედავ, რომ არც სუს-ი შეცვლილა, არც პოლიცია შეცვლილა, ცენტრალური საარჩევნო კომისიაც იგივეა, რატომ უნდა გადავიმტერო მე, ერთმა ადამიანმა სუს-ი და პოლიცია ერთი მაჟორიტარის გამო. წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მუშაობს ფსიქოლოგია თვითმმართველობის არჩევნებზე რეგიონებში.
ბიძინა ივანიშვილს აწყობს, საკრებულოებში ორი და სამი კაცი შეაყვანინოს, გახარია იქნება თუ “ლელო”, იტყვის, რომ ოპოზიციური პარტიები მონაწილეობდნენ არჩევნებში, 80% აიღოს თვითონ, მაგრამ ამით საბოლოოდ მოკლავს საპარლამენტო არჩევნებზე საუბრის შესაძლებლობასაც კი”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
