ანა ნაცვლიშვილმა “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიმართა და მათგან რეაგირება ითხოვა

„ლელოს“ დეპუტატი სახალხო დამცველს მიმართავს, რომ კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიას“ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში მოამზადოს და პარლამენტს წარუდგინოს. დეპუტატის განცხადებით, „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობენ.
როგორც მან აღნიშნა, „ევოლუშენ ჯორჯიაში“ დასაქმებულებს წლებია პრობლემები აქვთ, სახელმწიფოს მხრიდან კი, ღირსების შელახვაზე და შრომითი უფლებების დარღვევებზე, ამ დრომდე განცხადება არ გაკეთებულა.
„ის, რომ გარკვეული მონიტორინგი მიმდინარეობს ამ ვითარებაში საკმარისი არ არის, ამიტომ ვიყენებ პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას და მივმართავ შრომის ინსპექტორს და მისგან ვითხოვ ანგარიშს, ამ დრომდე, რა სამუშაოები ჩაატარა მისმა უწყებამ იმისთვის, რომ სრული სურათი სწრაფად იყოს მოკვლეული, რაც ხდება კომპანიაში, შესაბამისი რეაგირება განხორციელდეს რის გამოც შექმნილია ეს უწყება. ასევე, მინდა მივმართო სახალხო დამცველს, მისი რამდენიმე განცხადება ვნახე, მაგრამ საკითხის აქტუალობის და სიმძიმის გათვალისწინებით სახალხო დამცველმა „ევოლუშენ ჯორჯიას“ საკითხთან დაკავშირებით უნდა მოამზადოს სპეციალური ანგარიში და წარუდგინოს პარლამენტს.
ასევე, დღესვე წერილობით მივმართავ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და დეტალურ ანგარიშს გამოვითხოვე იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს ეს უწყება, რადგანაც გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი ალბათობით, ადგილი აქვს პერსონალური ინფორმაციის დაცულობის შელახვას კომპანიის მხრიდან. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, ჩვენი პრიორიტეტი არის და იქნება ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნა, მაგრამ არა ნებისმიერი სამუშაო ადგილებისა, სადაც დასაქმებულს უბრალოდ ეტყვიან, რომ თუ არ მოგწონს ეს პირობები, წადი და სხვა სამსახური იშოვეო.“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა
მისი თქმით, სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს ახალგაზრდებს,რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა გაფიცულები არიან.
„მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს ახალგაზრდები მარტო საკუთარი შრომითი უფლებების და პირობებისთვის არ იბრძვიან. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს სტანდარტი, როდესაც შრომითი უფლებების დარღვევას ვერცერთი დამსაქმებელი ვერ გაბედავს სწორედ იმიტომ, რომ მოწოდების სიმაღლეზე იდგება სახელმწიფო ინსტიტუციები“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. გაფიცვაში მონაწილეები “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯერებს დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას მოითხოვენ.
როგორც მათ აღნიშნეს, უწყვეტი გაფიცვა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.