ანა ნაცვლიშვილი – ჩვენთვის განმსაზღვრელია, ისეთი კონფიგურაცია შედგეს პოლიტიკურ ველზე, რომ ამან შესაძლებელი გახადოს ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება

ჩვენთვის განმსაზღვრელია, ისეთი კონფიგურაცია შედგეს პოლიტიკურ ველზე, რომ ამან შესაძლებელი გახადოს ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება, რადგან ამ არჩევნებზე თითოეული ადამიანის ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, არჩევანი დგას არა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის.
„ლელო“ აქტიურ კონსულტაციებშია სხვა პოლიტიკურ აქტორებთან, ასევე, კონკრეტულ ადამიანებთან, რომლებიც ხედავენ, რომ ქვეყანა არის ძალიან სერიოზული ისტორიული გამოწვევის წინაშე და ამ არჩევნების მთავარი ამოცანაა რუსი ოლიგარქისა და მისი დაჯგუფების გაშვება ხელისუფლებიდან.
ჩვენთვის განმსაზღვრელია, ისეთი კონფიგურაცია შედგეს პოლიტიკურ ველზე, რომ ამან შესაძლებელი გახადოს ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება, რადგან ამ არჩევნებზე თითოეული ადამიანის ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, საქართველოდ დარჩება ეს ქვეყანა თუ გახდება ს გუბერნია. ეს უნდა იყოს ძალებისა და შესაძლებლობების გაერთიანება იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც გააჩინა რუსმა ოლიგარქმა და კრემლის პოლიტიკის გამტარებელმა დაჯგუფებამ. არჩევანი დგას არა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის.
„ლელოს“ აქვს მყარი ამოცანები და მიზნები საქართველოში. მთავარი ამოცანაა ვემსახუროთ საქართველოს. საბედნიეროდ, „ლელო“ არ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა და ერთადერთი საზოგადოებრივი აქტორი, რომელსაც ეს ამოცანები ამოძრავებს, ამიტომ, ჩვენ, ეს იქნება ერთად რაიმე სიაში თუ აქტიური კოორდინაცია ან აქტიური დიალოგი, ყველა იმ ადამიანთან და პოლიტიკურ ძალასთან ვაპირებთ საუბარსა და ქმედებას, ძალების გაერთიანებას, ვისაც ასე ესმის საქართველოს მომავალი – არა რუსულ გუბერნიაში დაბრუნება, არამედ ევროპულ მომავალში. ჩვენ როცა ვსაუბრობთ, რომ საქართველოს მომავალს ვხედავთ ევროკავშირში, ამაში კონკრეტულ შინაარსს ვდებთ და ეს შინაარსი არის რეალურად პროგრამაში გამოხატული.
რა ტიპის კონფიგურაციაც არ უნდა შედგეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის პრიორიტეტები, რაც „ლელოს“ აქვს, გადაიწევს უკანა პლანზე. ჩვენ ჩამოყალიბებული ვართ და კოალიციის ფორმატში იქნება თუ ინდივიდუალურად, მაინც ეს პრიორიტეტები იქნება წინა პლანზე“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ