ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას – შემთხვევით იმასაც ხომ არ გააპროტესტებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე უცხოელებმა უნდა შეაფასონ ქართული გუნდი? – ასეთ მარაზმამდე ხართ მისული

ფეხბურთელებმა და სპორტსმენებმა თავიანთი საქმე გააკეთეს და ნამდვილად შეიყვანეს ეს ქვეყანა ევროპაში. მათ არ დაუწყიათ ბაქიბუქი, შანტაჟი და არ დაუწყიათ ზერელე განცხადებები. მათ იშრომეს იმისთვის, რომ ფეხბურთში ევროპული სტანდარტი დაედოთ. თქვენ გმართებთ შრომა იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მოწყობაში, კანონიერი ჩარჩოს შექმნაში და შემდეგ ამ ჩარჩოს პრაქტიკაში დაცვაში დადოთ ევროპული სტანდარტი, რასაც ჯიუტად და ძალიან უპასუხისმგებლოდ, მაგრამ მიზანმიმართულად არ აკეთებთ, – ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც “ქართულ ოცნებას” მიმართა.
მან სიტყვით გამოსვლა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო და აღნიშნა, რომ საქართველოში მალე ასპარეზი გადავა იმ ადამიანების ხელში, რომლებსაც ძალიან კარგად და სრული პასუხისმგებლობით ესმის ქვეყნისა და ერის წინაშე ის უდიდესი ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც გაიხსნა საქართველოს წინაშე.
„დღეს მინდა ამ ტრიბუნიდან დავიწყო დიდი მადლობით ჩვენი ეროვნული ნაკრების მიმართ. თითოეულ ფეხბურთელს და თითოეულ ადამიანს, ვინც მათ გვერდით დგას, საჯაროდ და ხშირად კულისებში და იქიდან ამაგრებს ეროვნულ ნაკრებს, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა იმ უდიდესი სიხარულისთვის, გამარჯვების რწმენისთვის, იმისთვის, რომ თუნდაც რამდენიმე დღით საქართველოს ათასობით მოქალაქეს ქვეყნის შიგნით თუ იძულებით ემიგრაციაში მყოფს დაგვავიწყეს ის მძიმე რეალობა, რომელშიც ეს ქვეყანა ცხოვრობს და დაგვიბრუნეს გამარჯვების სიხარული და რწმენა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია. შეგვიძლია ვიყოთ საუკეთესოები, გამარჯვებულები, გუნდურები. მადლობა მათ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ.
ეს არის ის სტანდარტი, რომელიც მათ დადეს. ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ამ სტანდარტს უნდა უპასუხონ პოლიტიკოსებმა, ამიტომ დღეს აქ ამ გარეგნული ნიშნების ნაცვლად, რომლითაც ცდილობთ, რომ ამ გამარჯვებას და წარმატებას მიეტმასნოთ, ჯობია ის ასპარეზი გაიხსენოთ, რომელიც თქვენ გხვდათ წინათ და რომელსაც ძალიან დაუდევრად და უპასუხისმგებლოდ ანიავებთ. ფეხბურთელებმა და სპორტსმენებმა თავიანთი საქმე გააკეთეს და ნამდვილად შეიყვანეს ეს ქვეყანა ევროპაში. მათ არ დაუწყიათ ბაქიბუქი, შანტაჟი და არ დაუწყიათ ზერელე განცხადებები. მათ იშრომეს იმისთვის, რომ ფეხბურთში ევროპული სტანდარტი დაედოთ. თქვენ გმართებთ შრომა იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მოწყობაში, კანონიერი ჩარჩოს შექმნაში და შემდეგ ამ ჩარჩოს პრაქტიკაში დაცვაში დადოთ ევროპული სტანდარტი, რასაც ჯიუტად და ძალიან უპასუხისმგებლოდ, მაგრამ მიზანმიმართულად არ აკეთებთ. ეს ისტერია უცხოელების წინააღმდეგ – შემთხვევით ხომ არ შეგინიშნავთ უცხოელი მწვრთნელი, რომლის ძალიან დიდი დამსახურებაა გუნდის გამარჯვებაში?! შემთხვევით იმასაც ხომ არ გააპროტესტებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე უცხოელებმა უნდა შეაფასონ ქართული გუნდი? კი, ასეთ მარაზმამდე ხართ მისული და განა ვერ ხვდებით ამ მარაზმს, მაგრამ მეტი არაფერი დაგრჩათ ქართული საზოგადოებისთვის სათქმელი. თქვენი ასპარეზი, თქვენი საჯილდაო ქვა არის 9 რეკომენდაცია. გაუსწორეთ რეალობას თვალი, ვერ მიეტმასნებით თქვენი ზედაპირული განცხადებებით მათ დიდი გამარჯვებას, საქმეა ამ ქვეყანაში საკეთებელი და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მიიღებთ დამსახურებულ “არას” და ეს ასპარეზი გადავა იმ ადამიანების ხელში, რომლებსაც ძალიან კარგად და სრული პასუხისმგებლობით გვესმის ქვეყნისა და ერის წინაშე ის უდიდესი ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც გაიხსნა ჩვენი ქვეყნის წინაშე და ასევე ვიზეიმებთ ძალიან დიდ გამარჯვებას მთელი საქართველოსი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს