ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას – ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში დადგით, დიდი მხილებაა იმაში, როგორი თვალთმაქცი, მატყუარა და ფლიდები ხართ – ორიენტაცია გაქვთ არეული

ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში დადგით, თქვენთვის დიდი მხილება არის იმაში, როგორი თვალთმაქცი, როგორი მატყუარა და ფლიდები ხართ, – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას არც ქვეყანაში შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად გააჩნია გეგმა და არც იმ კითხვებზე პასუხი აქვს, რაც საზოგადოებაში არსებობს.
„მინდა გულწრფელი სოლიდარობა გამოგიცხადოთ „ქართული ოცნების“ ქალ წევრებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან მძიმე დღე გქონდათ და ძალიან განიცდით იმას, რომ ასევე უხეშად, ასე ხელისმოსმით გადაგიარეს და გვერდზე გაგწიეს. ვწუხვარ, მაგრამ ვიცით, რას ნიშნავს „სტოკჰოლმის სინდრომი“. ამიტომ, მესმის ის სიმძიმე, რასაც განიცდით. ვერ გავამართლებ დუმილს, მაგრამ თქვენც მსხვერპლი ხართ და პასუხისმგებლობას არ გადავიტან. ყველაფერი ძალიან ლოგიკურად დალაგდა, აქ არ არის საუბარი მხოლოდ კვოტირებაზე, ერთ კანონზე ან ერთ მექანიზმზე. ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში დადგით, თქვენთვის დიდი მხილებაა იმაში, როგორი თვალთმაქცი, როგორი მატყუარა და ფლიდები ხართ“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისივე შეფასებით, ხელისუფლება დასავლეთისკენ უნდა დგამდეს ნაბიჯებს, მაგრამ თავისი არასწორი პოლიტიკით სკენ მიემართება.
„თქვენ ვის უნდა სცეთ პატივი ან ვის რა პასუხი უნდა გასცეთ. საკუთარ ნათქვამს გადააბიჯებთ, მერე გადმოაბიჯებთ, ხან მარჯვნივ მიდიხართ, ხან მარცხნივ. ნამდვილად ორიენტაცია გაქვთ არეული. დასავლეთისკენ უნდა მიდიოდეთ, მაგრამ ჩრდილოეთისკენ მიდიხართ. ეს ახალი დავალებაც ხომ ჩრდილოეთიდან მიიღეთ, რომ სასწრაფოდ, არანაირი ბუნდოვანება აღარ დარჩეს. ეს არის ის დავალება, რომელსაც იღებთ და რომელსაც ასრულებთ, ცოტა უნიჭოდ, მაგრამ მაინც ბეჯითად ასრულებთ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი აღარ გაქვთ. თქვენ მიგაჩნიათ, რომ მარტო თქვენია ეს ქვეყანა, ოღონდ საკუთარ თანაგუნდელებსაც კი აღარ შეგიძლიათ, რომ გაუყოთ იმიტომ, რომ დასაბინავებელი გყავთ კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები. გაიხედეთ-გამოიხედეთ და ფიქრობთ, რომ ქალები არიან „დაბალი ღობე“. აქ საოცარ უაზრობებს ვისმენთ, თურმე ქალებს პოლიტიკა არ აინტერესებთ, ქალის ადგილი არ არის და ასე შემდეგ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მან „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა, რომ „ძალიან სასაცილოდ და პატარად გამოიყურებიან“.
ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა დასრულდება.
„ზღაპრის ბოლო აუცილებლად კეთილი იქნება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს