ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას – გაქვთ იმედი, რომ კლანი არ გაგასამართლებთ, მაგრამ გელოდებათ სამყაროში ყველაზე სასტიკი სამსჯავრო, თქვენი შვილების სამსჯავრო, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ ქართველი ხალხის ღალატისთვის

გაქვთ იმედი, რომ კლანი არ გაგასამართლებთ, მაგრამ გელოდებათ სამყაროში ყველაზე უფრო სასტიკი და საშინელი სამსჯავრო, რომელსაც ვერ გადაურჩებით, თქვენი შვილების სამსჯავრო გელოდებათ, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ ქართველ ხალხის ღალატისთვის – ეს ქვეყანა არ გახდება , გავრილოვებო!- ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას.
ნაცვლიშვილის გამოსვლას დარბაზში უმრავლესობის ფლანგიდან ხმაური და რეპლიკები მოჰყვა, რაზე საპასუხოდაც ოპოზიციონერი დეპუტატი ტრიბუნაზე ხელის დარტყმის თანხლებით სკანდირებდა – „არა რუსულ კანონს“.
ნაცვლიშვილის თქმით, მმართველი უმრავლესობა საქართველოს გასაბჭოებას ვერ მოესწრება.
აღსანიშნავია, რომ ანა ნაცვლიშვილს მხრებზე საქართველოს დროშა აქვს შემოხვეული.
„საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს და მოგიწოდოთ: გამოდით დღეს პარლამენტთან იმიტომ, რომ გავრილოვის უმრავლესობა აპირებს მიიღოს „რუსული კანონი“ ქართულად დაწერილი. დაგიწყვიათ ეს ევროპული და ქართული დროშები – რუსული დროშები გაქვთ გადმოფენილი იმიტომ, რომ ემსახურებით რუსეთს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს. არგუმენტებს რომ ითხოვთ, ვნახეთ გუშინ თქვენი არგუმენტები: მუშტი, ძალადობა არის თქვენი არგუმენტები. დემოკრატიულ კანონებს არ სჭირდება ძალადობა. დემოკრატიული კანონების მისაღებად სპეცრაზმს არ უქსევენ საკუთარ ახალგაზრდებს. გგონიათ, რომ გადაურჩებით ამ დანაშაულისთვის სასჯელს, ვერ გადაურჩებით. თქვენ გაქვთ იმედი სასამართლო კლანის, რომელიც სწორედ იმიტომ გყავთ სასამართლოში, რომ გაექცეთ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეთ და კი, გაქვთ იმედი, რომ კლანი არ გაგასამართლებთ, მაგრამ გელოდებათ სამყაროში ყველაზე უფრო სასტიკი და საშინელი სამსჯავრო, რომელსაც ვერ გადაურჩებით – თქვენი შვილების სამსჯავრო გელოდებათ, რომელსაც პასუხს ვერ გასცემთ ქართველ ხალხის ღალატისთვის. თქვენს შვილებს პასუხს ვერ გასცემთ და თვალებში ვერ ჩახედავთ. ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. მათ შორის დავიცავთ თქვენი და ყველას შვილებისთვის იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არ გახდება რუსეთი, გავრილოვებო! რამდენიც არ უნდა ეცადოთ, არ გახდება“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილმა თავისი გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ტრიბუნის ორი მიკროფონიდან ერთი გათიშულია, რაზეც პაპუაშვილმა უთხრა, რომ ჩართულია და შემდეგნაირად მიმართა: „დაიოკეთ ნერვები, ქალბატონო ანა“.
„წარმოუდგენელია, სწორედ ის, რაც ახლა ხდება: ხმის ჩახშობა, ვითომ ტექნიკური მიზეზებით. ვითომ კანონიერი მიზეზებით ჩაახშობენ დამოუკიდებელი მოქალაქეების აზრს, თუ „რუსული კანონი“ გავიდა. ამიტომ გინდათ და გეჩქარებათ ამ კანონის მიღება, რომ ასე გამორთოთ მიკროფონები; ზუსტად ასე დატოვოთ საქართველოს მოქალაქეები პირისპირ რუსეთთან, კაციჭამია პუტინთან და დაუკარგოთ ყველა მეგობარი და პარტნიორი“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარული სხდომა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვით განახლდა. განხილვა პირველი მოსმენით, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პოლიტიკური გამოსვლების შემდეგ, კენჭისყრა ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მთავარი შედეგი, რაზეც ვართ ორიენტირებული, არის ევროკავშირის წევრობა და 2030 წლისთვის თუ რომელიმე კანდიდატი ქვეყანა იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად, პირველი სწორედ საქართველო