ანა ნაცვლიშვილი – ლგბტ პროპაგანდა „თეთრი ძაფით ნაკერია“, ერთადერთი პროპაგანდისტი ქვეყანაში „ქართული ოცნებაა“ – მმართველი გუნდის მცდელობაა, გადაფაროს შეუსრულებელი დაპირებები

ერთადერთი პროპაგანდისტია ქვეყანაში და ეს პროპაგანდისტია „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კონსტიტუციურ კანონპროექტს გამოეხმაურა.
ეს არის „ქართული ოცნების“ მცდელობა, რომ გადაფარონ თავიანთი შეუსრულებელი დაპირებები.
„იმის ნაცვლად, რომ საქმე აკეთონ, მართლა ბავშვები დაიცვან, ოჯახები დაიცვან და გააძლიერონ, იმის ნაცვლად, რომ მართლა პროპაგანდა შეაჩერონ ამ ქვეყანაში, რომელმაც ძალიან სერიოზულად მოიკიდა ფეხი, ყველაფერს აკეთებენ. მათი მცდელობაა, რომ გადაფარონ თავიანთი შეუსრულებელი დაპირებები, მათი მცდელობაა, რომ გადაფარონ ის, მართლა რა ნაბიჯებიცაა გადასადგმელი ბავშვების დასაცავად, ქალების დასაცავად, კაცების დასაცავად, ხანდაზმულების, დასაცავად, ოჯახების დასაცავად. ამას არაფერს არ აკეთებენ და ხშირ შემთხვევაში არც იციან, როგორ უნდა გააკეთონ და ხშირ შემთხვევაში არ უნდათ, რომ გააკეთონ. სწორი მიმართულებით რომ მიმართონ თავიანთი ქმედებები და თავიანთი მცდელობები, მერე მილიონებს ვინ გააკეთებს კორუფციის გზით? ძალიან მარტივი და თეთრი ძაფით ნაკერია ეს პროპაგანდა. ერთადერთიო პროპაგანდისტია ამ ქვეყანაში და ეს პროპაგანდისტია „ქართული ოცნება““, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ს განცხადებით, „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანია, რომ გაექცნენ თემებს, რომლებზეც საზოგადოება მათ პასუხს სთხოვს.
„ძალიან თვალში საცემია პროპაგანდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომლის ერთადერთი მიზანია ის, რომ გაექცნენ თემებს, რაზეც საზოგადოება მათგან პასუხს ითხოვს, რეაგირებას.
„ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც არაერთი საჭირბოროტო დაპირებით მოვიდა ხელისუფლებაში და დღეს ვერ დაასახელებენ ვერცერთ რეფორმას, ცვლილებას, რომელსაც საზოგადოებას ჰპირდებოდნენ და ბოლომდე შეასრულეს და ამის შედეგებს საზოგადოება გრძნობდეს. საითაც არ უნდა გავიხედოთ თვალშისაცემია „ქართული ოცნების“ დიდი ტყუილი და ბევრი შეუსრულებელი დაპირება. საზოგადოება ითხოვს პასუხებს, შედეგებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ინფორმაციისთვის, პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი – ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.
“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: – “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს