კობახიძემ დაადასტურა და ღიად თქვა, რომ მისმა არალეგიტიმურმა, მოძალადე მთავრობის წევრებმა მიიღეს სერიოზული ფინანსური ზარალი, დაკისრებული სანქციების გამო. მათ ჰქონდათ მოპარული არაკანონიერი ქონება გადამალული, სწორედ იმ იურისდიქციებში, სადაც მათ ახლა სანქციები დაეკისრათ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც გამოეხმაურა შეკითხვას სანქციების გამო ფინანსურად დაზარალებული მაღალჩინოსნებისთვის კომპენსაციების ბიუჯეტიდან გაცემასთან დაკავშირებით.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები.
„გარდაუვალია, რომ ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, სულ სხვა სტანდარტით, ვიდრე ის, რაც ნახა მთელმა მსოფლიომ 26 ოქტომბერს. ის კრიზისი, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, არ არის, რაც „ქართულ ოცნებას“ სურს, მაგრამ ეს არის ძალიან მასშტაბური საერთო ეროვნული პროტესტი, ეს არის ქვეყნის გულიდან ამომსკდარი პროტესტი. ახალი არჩევნების გარდა, სხვა გამოსავალი არ არის.
საქართველოს მოქალაქეები არ იმსახურებენ, რომ მათ მართავდნენ კრიმინალური მენტალიტეტისა და მოქმედებების მოძალადე ადამიანები, რომლებიც დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა მიიჩნიეს იმდენად არასასურველ და საშიშ ხალხად, რომ უთხრეს, სტუმრადაც კი არ გვინდა, რომ შემოგიშვათ ჩვენს ქვეყანაშიო. ათიათასობით ადამიანს ასეთი ხალხი უნდა უწყვეტდეს ცხოვრებას და ამ ქვეყნის მომავალს წყვეტდეს?! რამდენი მანევრიც არ უნდა ჩაატაროს კობახიძემ, რომელიც რეალურად არაფერს წარმოადგენს და რასაც დაავალებენ იმის გამხმოვანებელია, ეს სისტემის შიდა რღვევას ვერ შეაჩერებს.
რაც შეეხება სანქცირებულ პირთა დახმარებასა და ღირსების ორდენზე წარდგენას, ჩვენ ხომ აქ სახელმწიფო ბიუჯეტზე მცხოვრებ ადამიანებზე ვსაუბრობთ. ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ბიუჯეტიდან ხელფასი. ყველამ ვიცით, ეს ხელფასი არ არის ისეთი, ამ ადამიანებს შეეძლოთ დააგროვონ ისეთი ქონება, რომ ბრიტანეთსა და აშშ – ში, მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებში ბიზნესი აწარმოონ. საბიუჯეტო ხელფასით ამას ადამიანი ხომ ვერ გააკეთებს? საქართველოს რომელიმე მინისტრის ხელფასი არ არის ამხელა, მით უმეტეს უფრო ქვედა რგოლის ანუ თავისდაუნებურად კობახიძემ დაადასტურა და ღიად თქვა – დიახ, მან ზუსტად იცის, რომ მის არალეგიტიმურმა, მოძალადე მთავრობის წევრებმა მიიღეს სერიოზული ფინანსური ზარალი, დაკისრებული სანქციების გამო. მათ ჰქონდათ ძალიან სერიოზული მოპარული არაკანონიერი ქონება გადამალული, სწორედ იმ იურისდიქციებში, სადაც მათ ახლა სანქციები დაეკისრათ. როგორ მოახერხა ბიუჯეტზე მცხოვრებმა ხალხმა, რომლებსაც კანონი უკრძალავს სხვა შემოსავლის მიღებას, ამხელა ქონების დაგროვება? ქართველი ხალხის ხარჯზე მოახერხა!“- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნების საკითხზე ეუთო/ოდირის დასკვნაც შეაფასა და აღნიშნა, რომ საბოლოო ანგარიში კიდევ ერთი საფუძველია იმისა, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს.
„ქართულმა ოცნებამ“ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი თანდათან მიიტაცა. ამიტომაა დღეს ამ მასშტაბის კრიზისი. არცერთი სახელმწიფოს რგოლი აღარ მუშაობს. ერთადერთი ლეგიტიმური პირი დარჩა სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც აღმასრულებელი ფუნქციები არ აქვს. ამ მასშტაბის კრიზისს ვერაფერი განმუხტავს, ახალი სამართლიანი არჩევნების გარდა. რაც შეეხება ეუთო/ოდირის დასკვნას, კობახიძესა და პაპუაშვილს არავინ აღიარებს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ ქვეყანას მართავს რუსი ოლიგარქი. პაპუაშვილს საერთოდ ვინმე რამედ მიიჩნევს? დაურეკეს? შეხვდა? მისი აზრი ვინმემ მოიკითხა? რატომ უნდა გვაინტერესებდეს, მის ჩათში რა „მესიჯბოქსი“ ჩავარდა ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით?
კარგად ვფლობ შესაბამის ენას, ასევე იმ ადამიანების უდიდესი ნაწილი, რომლებიც აქციებზე დგანან. მათ ეს დასკვნა პირველწყაროდან თავად წაიკითხეს და პაპუაშვილის ინტერპრეტაცია არ სჭირდებათ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.