ამ შანსის ხელიდან გაშვება ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია – პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად, თითოეული ადამიანის ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობა იქნება, ყველას დაერქმევა თავისი სახელი,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ამერიკის გზავნილებს გამოეხმაურა.
დეპუტატის შეფასებით, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორისგან ისმის „გაფრთხილება“, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლება არ გაიწვევს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, მათ წინააღმდეგ იქნება პერსონალური პასუხისმგებლობა.
„ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულო მოკავშირე ორ გზავნილს წარუდგენს საქართველოს ხელისუფლებას და ზოგადად, ქვეყანას. ერთი მხრივ, ე.წ რუსულ კანონთან, რომელიც დაკავშირებულია მის გაწვევასთან. კერძოდ, ერთგვარი გაფრთხილება ისმის ხელისუფლების მისამართით ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის მხრიდან, გაიწვიეთ კანონი სხვა შემთხვევაში, პერსონალური პასუხისმგებლობა იქნება. მეორე მიმართულება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რომელიც ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. იმ უმნიშვნელოვანესი სარგებლის მიღება, რომლისთვისაც ქვეყანამ ათეულობით წელი იშრომა, ბუნებრივია, დაკავშირდა თავისუფალი, ევროპული, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებასთან. ძალიან მარტივია და რატომ, ქვეყანა ვერ იქნება დასავლური სამყაროს წევრი, თუკი ის ვერ უზრუნველყოფს თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. ამ შანსის ხელიდან გაშვება ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ისტორიაში სხვა სახელით ჩაიწერებიან ამ უნიკალური შესაძლებლობების ხელიდან გაშვების შემთხვევაში, ყველა ძალიან ცდება. პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად და ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობა იქნება თითოეული ადამიანის, ყველას დაერქმევა თავისი სახელი”,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
კითხვაზე რა მოლოდინები აქვს დეპუტატს ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც მმართველი გუნდისგან ისმის შეფასებები, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვეტოთი დისკუსიის სივრცე ჩაკეტა, ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება საკუთარ ამომრჩეველს შეურაცხყოფას აყენებს.
„ვერ განიხილავს რას ნიშნავს? არ იციან? არ ვიცი, როგორც ჩანს, „ოცნებას“ იდიოტი ჰგონია არა მხოლოდ მთელი პოლიტიკური სპექტრი, არამედ საკუთარი ამომრჩეველი. მე ასეთ შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ. ხელისუფლება პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ ამომრჩეველს. როგორც ჩანს საბავშვო ბაღი ჰგონია სახელმწიფო. „ოცნების“ ხელშია მთავარი ბერკეტი, რომ ამ კანონზე თქვას უარი და ვეტო არ დაიძლიოს”,- განაცხადა ბუჩუკურმა.
ცნობისთვის, Politico-ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება. ამასთან, Politico-ს ცნობით, კანონპროექტის პირობების მიხედვით, რომელსაც „რესპუბლიკელი“ ჯო უილსონი, კონგრესს წარუდგენს, აშშ საქართველოსთან „ძლიერი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოხდება. გარდა ამისა, როგორც politico-ს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ.