ვაშინგტონმა რეალობასთან კავშირი დაკარგა, საუბრობს რა რუსეთისა და აშშ-ის არმიებს შორის პირდაპირი შეტაკების ალბათობაზე, ასეთი რიტორიკა მიუღებელია ბირთვული ძალისთვის, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
„უკრაინის ომის ცეცხლზე ნავთის დასხმის მცდელობაში შეერთებულმა შტატებმა სრულიად დაკარგა კავშირი რეალობასთან და ადვილად საუბრობს ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის უშუალო შეტაკების ალბათობაზე. ამგვარი პროვოკაციული რიტორიკა მიუღებელია პასუხისმგებლობიანი ბირთვული ძალისთვის”, – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ გაჩერდება და საბოლოოდ, ამერიკელ ჯარისკაცებს რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევთ. „თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ გაჩერდება. მნიშვნელოვანია აქ გრძელვადიან პერსპექტივაში ხედვა. ის აპირებს გააგრძელოს. მან ეს საკმაოდ ნათლად განაცხადა. თუ პუტინი თავს დაესხმება ნატო-ს მოკავშირეს – თუ ის გააგრძელებს და შემდეგ თავს დაესხმება ნატო-ს მოკავშირეს – ჩვენ, როგორც ნატო-ს წევრი, ვალდებული ვართ, დავიცვათ ნატო-ს ტერიტორიის ყოველი დუიმი. მაშინ ჩვენ გვექნება ის, რისკენაც არ ვისწრაფვით და რაც დღეს არ გვაქვს : ამერიკული ჯარები იბრძოლებენ რუსული ჯარების წინააღმდეგ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.