ანასტასია მეტელკინა – ლუკა ბერულავას წყვილი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, მოკლე პროგრამის შემდეგ, პირველ ადგილზეა

საქართველოს ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა – ლუკა ბერულავა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, მოკლე პროგრამის შემდეგ, 71,30 ქულით პირველ ადგილზეა და სატურნირო ცხრილში 13 ქვეყნის 18 სპორტულ წყვილს შორის ლიდერობს.
ანასტასია და ლუკასთვის ევროპის ეს ჩემპიონატი სადებიუტო იყო უფროსი ასაკის კატეგორიაში ერთობლივი გამოსვლების ისტორიაში. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაშიც პირველი შემთხვევაა, როცა წყვილი საქართველოდან მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ პოზიციაზეა ისეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია. ამასთან, ჩვენი წყვილი 2023 წლის ევროპის ჩემპიონებს, იტალიელ სპორტსმენებს სარა კონტისა და ნიკოლა მაჩის 10 ქულით უსწრებს თავისუფალი პროგრამის წინ.
ტექნიკურად უშეცდომოდ, დამაჯერებლად, ქორეოგრაფიულად და კომპოზიციურად სრულყოფილი მოკლე პროგრამის წარმოდგენის შემდეგ, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილი დამსახურებულად იკავებს პირველ პოზიციას, რითაც სერიოზულ განაცხადს აკეთებს ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მაღალი სინჯის მედლების მოსაპოვებლად.
სპორტული წყვილების თავისუფალი პროგრამა 11 იანვარს, 21:00 საათზე გაიმართება .

ასევე დაგაინტერესებთ