ანალენა ბერბოკი საქართველოს მთავრობას ახსენებს, რომ მის ხელშია ისტორიული შანსის გამოყენების ბედი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება საქართველოს პარლამენტში “აგენტების კანონის” განხილვას და მისი საწინააღმდეგო პროტესტის დარბევას პოლიციის მხრიდან. გერმანელი დიპლომატი ხელისუფლებას ახსენებს, რომ მის ხელშია ისტორიული შანსის გამოყენების ბედი.
“საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომლის დასაცავად ათიათასობით ადამიანი დგას ქუჩაში. ამ სტატუსის საფუძველია დემოკრატიული, ცოცხალი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, გადაკეტავს თუ არა მომავლისკენ მიმავალ გზას” – წერს ანალენა ბერბოკი.
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობა დაგმო გერმანიის ელჩმა საქართველოში და გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კი ევროკავშირს მოუწოდებს, რაც შეიძლება სწრაფად აამოქმედოს სანქციები ს წინააღმდეგ.
თბილისში “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქცია 1 მაისს საღამოს ხუთი საათიდან არის დაგეგმილი – პარალელურად, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს სადავო კანონპროექტს.
30 აპრილის ღამეს, ამ კანონის საწინააღმდეგო გამოსვლა პოლიციამ დაარბია – დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდნენ აქციის ხუთი მონაწილე და ექვსი პოლიციელი. საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტოს ძალადობა პროტესტის მონაწილეების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ გამოსვლები სცილდება მშვიდობიანი პროტესტის ფორმებს.

ასევე დაგაინტერესებთ