ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის შეფასება, თუ ზუსტად რა ხდება სირიაში ამჟამად. მაგრამ ერთი რამ ცხადია: ასადის დასასრული არის დიდი შვება მილიონობით ადამიანისთვის სირიაში – ასადის რეჟიმის მიერ ჩადენილი მარადიული სისასტიკის შემდეგ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაშია აღნიშნული.
მისი თქმით, ასადმა მოკლა, აწამა და გამოიყენა ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
„ახლა მან პასუხი უნდა აგოს. სირიელი ხალხი უკეთეს მომავალს იმსახურებს. მათ წარმოუდგენელი ტანჯვა გადაიტანეს. მთელი თაობა გაიზარდა ომში, გაჭირვებასა და ჰუმანიტარული კრიზისში“, – აცხადებს ბერბოკი.
მისი თქმით, ახლა ქვეყანა არ უნდა ჩავარდეს სხვა რადიკალების ხელში – რითაც არ უნდა იყოს შენიღბული.
„ამიტომ მოვუწოდებთ კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარეს, იმოქმედონ ყველა სირიელის წინაშე პასუხისმგებლობის გამოჩენის შესაბამისად. ეს მოიცავს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, როგორიცაა ქურთები, ალავიტები ან ქრისტიანები, ყოვლისმომცველ დაცვას და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ქმნის ბალანსს სხვადასხვა ჯგუფებს შორის. თუ მთავარი მოთამაშეები ქვეყნის შიგნით და გარეთ სირიელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ, შეიძლება დაიწყოს რთული გზა მშვიდობისკენ, რომელიც ასე ნანატრი იყო. პასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოებასაც ეკისრება, დაეხმაროს სირიას ომისა და ძალადობის ციკლიდან გამოსვლაში. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ გაერო-სთან, ჩვენს პარტნიორებთან ევროკავშირსა და Quad-ში, ისევე როგორც რეგიონულ მოთამაშეებთან, მათ შორის სირიის მეზობლებთან, როგორიცაა თურქეთი და იორდანია“, – აცხადებს ბერბოკი.
შეგახსენებთ, სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაშარ ალ-ასადმა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანა დატოვა.