“ამ სილამ ამხილა, თუ როგორ ამბობენ კაცები კაცობაზე უარს თანამდებობისა და პრივილეგიების გამო” – ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
მზია ამაღლობელი არის თავისუფალი და პრინციპული ჟურნალისტიკის სიმბოლო, იმ ჟურნალისტიკისა, რომელიც ყოველთვის ერთგული იყო თავისი ღირებულებების და მამაცად უპირისპირდებოდა ყველა ხელისუფლების ყველაზე ძლევამოსილ ფიგურებს.
მზია ამაღლობელი არის ადამიანი, რომელმაც კოლეგებთან ერთად პატარა რეგიონალური გაზეთი საერთო ეროვნულ პლატფორმად აქცია. მან და მისმა მეგობრებმა დაიწყეს ამ ქვეყანაში დარგობრივი, თემატური ჟურნალისტიკის სტანდარტების დამკვიდრება.
ბათუმელები მეუბნებიან, რომ მზია ამაღლობელი იყო უკანასკნელ პერიოდში აჭარაში დაწყებული ყველა შედეგიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. მას შეეძლო აჭარის სამოქალაქო აქტივისტების დარაზმვა, მათ შორის შრომის დანაწილება და დემოკრატიული წინააღმდეგობის წარმართვა.
მზია ამაღლობელი და მისი კოლეგები არიან დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული არჩევანის თანმიმდევრული მცველები.
მზია ამაღლობელის მიერ დგებუაძის ნიკაპის სამი თითით შებღალვა გახლდათ პროტესტი პოლიციელთა ძალადობის, მათ მიერ რიგითი მოქალაქეების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ჩაგვრისა და განუკითხაობის წინააღმდეგ. ამ ისტორიულმა სილამ ამხილა, თუ როგორი დეგრადირებული მამაკაცები ინიშნებიან მაღალ საპოლიციო თანამდებებზე; ამ სილამ ამხილა, თუ როგორ ამბობენ კაცები კაცობაზე უარს თანამდებობისა და პრივილეგიების გამო. ამ სილამ ამხილა, თუ როგორი ყალბია “ქართული ოცნების” მოწოდებები ტრადიციების დაცვის შესახებ. რაც მთავარია, ჩვენ დავინახეთ, რომ “ქართული ოცნება” მზად არის ბულდოზერით გასრისოს ჭიანჭველა, ზარბაზნით დახოცოს მგალობელი ჩიტები, ოღონდ კი საკუთარ ძლევამოსილებასა და სისასტიკეს გაუსვას ხაზი.
მზია ამაღლობელი იქცა მორიგ ტესტად ქართული მართლმსაჯულებისთვის. მისი ციხეში დატოვებით კიდევ ერთხელ დადასტურება სასამართლოს კლასობრივი ბუნება! რიგითი მოქალაქეების მიმართ კანონი დაუნდობელია, სახელისუფლებო წრეებსა და მულტიმილიონერებზე კი ის არ ვრცელდება.
მთელი გულით სოლიდარობას ვუცხადებ ქ-ნ მზიას, მის კოლექტივს!