„ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს“ – LSE-ის კურსდამთავრებულები

ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის კურსდამთავრებულები ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მიჩნევენ, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.
„ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის კურსდამთავრებულები ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.
ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება დემოკრატიის საბაზისო პრინციპებს, აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოსა და მის მეგობარ ქვეყნებს შორის დღემდე დამკვიდრებულ პარტნიორულ სულისკვეთებას.
ჩვენ ვერ ვხედავთ წარმოდგენილი „რუსული” კანონის მიღების აუცილებლობას და მის მიზნად მიგვაჩნია სამოქალაქო საზოგადოების როლის დაკნინება და კრიტიკული ხმების ჩახშობა, რაც ასე მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში. კანონპროექტის, ხალხის ცალსახა ნების წინააღმდეგ და ერთი წლით ადრე გაცემული დაპირების უგულებელყოფით, ხელახლა ინიცირება პარლამენტში წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი საბაზისო სოციალური კონტრაქტის მოშლას.
არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციების დაფინანსების რეგულირებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის არსებული მექანიზმები უკვე პასუხობს იმ მიზნებს, რომლის მისაღწევადაც თითქოს მოხდა ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება. მაგალითად, სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფომ შექმნა საგარეო დახმარების ინფორმაციული მართვის სისტემა (eaims.ge), რომელიც აგრეთვე დონორული დახმარებით განხორციელდა. გარდა ამისა, ყველა ორგანიზაცია, მათ შორის ის ორგანიზაციები, რომლებიც თანხებს უცხოური წყაროებიდან იღებენ, ექვემდებარება საგადასახადო კოდექსის მიხედვით რეგისტრაციისა და დეკლარირების ვალდებულებებს. დამატებით, წლებია მთავრობამ მიიღო კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ,“ რომელიც ავალდებულებს ბანკებს მკაცრი კონტროლი განახორციელონ სხვადასხვა თანხის მიზნობრიობაზე.
იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდოს გამჭვირვალობა ყველა სფეროში, ამ კანონპროექტის თავიდან ინცირება საეჭვოდ ემთხვევა მსგავსი კანონების მიღებას ისეთი ქვეყნებში, სადაც დიდია ს გავლენა. შემაშფოთებელია ის ღია მხარდაჭერაც, რომელსაც ეს კანონპროექტი იღებს რუსი მაღალჩინოსნებისგან.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ კანონპროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ „იარლიყს” აკრავს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათში დასაქმებულ პირებს, ახდენს მათ სტიგმატიზებას და მათი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და შეურაცხმყოფელი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რაც საუკუნეების განმავლობაში იყო და არის საქართველოს ისტორიული არჩევანი. სამწუხაროდ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ “რუსული” კანონის ინიცირებით ხელისუფლება ცდილობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის განზრახ შეფერხებას.
ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებულები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, არ დაუჭირონ მხარი ამ კანონპროექტს მისი პარლამენტში მეორედ მოსმენისას.
არა რუსულ კანონს!,“ – აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ მიმართვაში.