პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და დიალოგის გამართვას ამ ეტაპზე გამორიცხავენ საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაია ბიჭიკაშვილი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ იმ ფონზე, როდესაც ადამიანებს სცემენ და მათზე ძალადობენ, დიალოგის გამართვა რთულია.
,,ამ ვითარებაში, როდესაც მიდის ასეთი ძალადობა და ცემა-ტყეპა დიალოგზე საუბარი ცოტა რთულია. დიალოგი მაშინ არის საჭირო, როდესაც ადამიანებს პატივს სცემენ პირველ რიგში. ამ ეტაპზე ჩვენს ასოციაციაში არ განიხილება ასეთი დიალოგი.’’- აცხადებს მაია ბიჭიკაშვილი.
საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ზამთრის ტურისტული სეზონის პროგნოზირება რთულია, რადგან ხელისუფლების მხრიდან ევროპის მძაფრი კრიტიკა ისმის. ამ ფონზე კი როგორი იქნება ევროპელი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ რთული სათქმელია.
,,ძალიან რთულია რამე პროგნოზის გაკეთება. რისი მოლოდინი უნდა მქონდეს, როდესაც ევროპას ლანძღავს ჩვენი ოფიციალური მთავრობა და ჩვენ ველოდებით ტურისტებს ევროპიდან? რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი მოლოდინებია.’’- აცხადებს მაია ბიჭიკაშვილი.
