“ამ ეტაპზე ფასი კონფიდენციალურია, თუმცა ის კანონის შესაბამისად გასაჯაროვდება“ – ასე უპასუხეს „აჭარა ჯგუფში“ BM.GE-ის კითხვას იმის შესახებ – რა ფასად მიჰყიდა კომპანიამ 2019 წლის შემოდგომაზე ბაკურიანში Rooms-ის ბრენდით გახსნილი სასტუმრო „სილქ როუდ ჯგუფს”.
5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ „სილქ როუდ ჯგუფმა“, ბაკურიანში „აჭარა ჯგუფის“ ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta Bakuriani შეიძინა. ახალ ბრენდზე, სასტუმროს მართვას და განვითარებას „სილქ ჰოსფითალითი“ გადაიბარებს. “აჭარა ჯგუფისგან” Rooms-ის ქსელის სასტუმროს შეძენის შესახებ ინფორმაცია “სილქ როუდ ჯგუფმა” გაავრცელა, სადაც გარიგების დეტალები აღნიშნული არ იყო. ამ დროისთვის, უცნობია ისიც, რომელი ბრენდით გააგრძელებს სასტუმრო ოპერირებას.
BM.GE-მ დაინტერესდა რატომ გადაწყვიტა „აჭარა ჯგუფმა“ სასტუმროების ქართული ბრენდის ქსელის ერთ-ერთი სასტუმროს გასხვისება – ამ კითხვით “აჭარა ჯგუფს” მივმართეთ. კომპანიაში გადაწყვეტილებას განახლებული სტრატეგიით ხსნიან და განმარტავენ:
„აჭარა ჯგუფის განახლებული სტრატეგიული გეგმის ფარგლებში, ჩვენი მიზანია თითოეულ რეგიონში ერთ საკვანძო ობიექტზე ვკონცეტრირდეთ, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ მისი პოტენციალი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში [გარდა ყოფილი სასტუმრო Rooms Kokhta Bakuriani-ს] კომპანიას მფლობელობაში აქვს კიდევ ორი მნიშვნელოვანი ობიექტი – ისტორიული სანატორიუმი „არაზინდო“ აბასთუმანში და ყოფილი მუნიციპალიტეტის შენობა ბორჯომში. Rooms Kokhta კომპანიის ერთ-ერთი საინტერესო პროექტია, თუმცა სტრატეგიულად გადავწყვიტეთ, კომპანიაში არსებული რესურსი რეგიონში მხოლოდ ერთ პროექტზე, კერძოდ Rooms Abastumani-ს განვითარებაზე მივმართოთ, რომლის გახსნაც 2026 წელს არის დაგეგმილი”.
კითხვაზე – ხომ არ განიხილება კომანიაში Rooms-ის ქსელის სხვა სასტუმროების გასხვისება, „აჭარა ჯგუფში“ პასუხობენ: “Rooms-ის სხვა ობიექტების გასხვისება არ იგეგმება“.
“აჭარა ჯგუფის” შვილობილი კომპანია “რუმს ჰოტელსი” საქართველოს მასშტაბით Rooms-ის ბრენდის სასტუმროებს თბილისში, ყაზბეგში და ბათუმში მართავს, მისი მართვის ქვეშ იყო ბაკურიანში 2019 წლის შემოდგომიდან გახსნილი Rooms Kokhta Bakuriani-ც, რომელიც 95 ნომერსა და 70 აპარტამენტს აერთიანებს. სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, „ლაუნჯ“ ბარი“, საცურაო აუზი, სპორტულ დარბაზი და ტერასა 360 გრადუსიანი ხედით.
