ამ ეტაპზე სურსათზე ინფლაციის დაჩქარების მოლოდინი არ გვაქვს – დისტრიბუტორთა ასოციაცია (bm.ge)

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სასურსათო პროდუქტებზე ინფლაციის დაჩქარების მოლოდინი არ არსებობს.
როგორც BMG-ის ასოციაციის თავმჯდომარემ, ლაშა რიჟამაძემ განუცხადა, გასულ პერიოდში სურსათზე ფასების ზრდა რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული, მათ შორის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდით, ასევე მისი თქმით, ფასებზე გავლენა იქონია რითეილ სექტორის მხრიდან მიმნწოდებლებისთვის კონტრაქტების გადახედვამაც.
“როგორც გასულ პერიოდში აღვნიშნეთ, ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად შემცირდება, გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადად სურსათზე ფასის ასახვა გასულ თვეებში უკვე განხორციელდა, რომელიც გასული თვეების სტატისტიკაში აისახა. რაც შეეხება იმ ფაქტორებს, რითაც შეიძლება ყოფილიყო ეს გამოწვეული, რა თქმა უნდა, იყო მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორი, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდა, ამასთან, შიდა პროცესები, რომელიც დაკავშირებულია მთელ რიგ დამატებით ფინანსურ ტვირთთან კომპანიებისთვის.
შესაბამისად, ახლა ფასების ზრდის მიმართულებით არსებითი მოლოდინი არ გვაქვს. თუ არ იქნება საგარეო ნაწილზე რაიმე ისეთი ცვლილება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვიოს სურსათის ფასების მიმართულებით. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ მიახლოებულ პირობებს საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან, სურსათის ნაწილში ფასების ზრდას აღარ განიცდის. მათ შორის მნიშვნელოვანი არის, რომ ლარის კურსმა შეინარჩუნოს ის ნიშნული, რაც გვაქვს იმისთვის, რომ მყისიერი ცვლილება არ განხორციელდეს ფასებთან მიმართებაში მომხმარებლის კალათაზე”, – განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.
ცნობისთვის, ნოემბერში საქართველოში წლიური ინფლაცია 4.8%-ს შეადგენდა, რაც წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. თუმცა ის კვლავ ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს, 3%-ს აღემატება