უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის თბილისში რუსეთის 5 მოქალაქე დააკავეს
უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში რუსეთის 5 მოქალაქე დააკავა.
ამასთან დაკავშირებით განცხადებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქვეყნებს.
განცხადების მიხედვით, ერთ-ერთი კომპანია საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციისა და ნებართვის გარეშე “ახორციელებდა ვირტუალური აქტივების მომსახურებას, როგორც არალეგალური ოფისის, ასევე ე.წ. „საკურიერო“ სერვისის შეთავაზებით.”
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნული კომპანია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ახდენდა ასობით მილიონი ლარის ეკვივალენტი ვირტუალური აქტივების ტრანზაქციას, რითაც ჩართული იყო ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის მოქალაქეებს, სავარაუდოდ სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომობილებით შემოჰქონდათ დიდი ოდენობის უცხო ვალუტა და ყიდულობდნენ ვირტუალურ აქტივებს, შემდეგ კი დაუსაბუთებელ ქონებას “კანონიერ სახეს” აძლევდნენ.
საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მსხვილი ოპერაციის მიუხედავად, კომპანიასა და ფიზიკურ პირებს, არ უფიქსირდებათ ბიუჯეტში თანხის გადახდა.
მათი განცხადებით, კომპანიის ოფისიდან ამოღებულია 371 000 აშშ დოლარი, სააღრიცხვო მონაცემები, დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა. ერთი ფიზიკური პირისგან ამოღებულია, ვირტუალური აქტივების შესაძენად გადასაცემი – 100 000 აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებიდან – 250 000 აშშ დოლარი, რაც ჯამში 721 000 აშშ დოლარს შეადგენს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
„გამოძიების ფარგლებში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის დამატებითი ფაქტების გამოსავლენად “, – წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ავტორი: ნინა სიგუა
