„ამოღებულია 35 შეკვრად დაფასოებული “მეტადონი” – პოლიციამ ნარკოდანაშაულში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ბ.ც. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირის პირადი, საცხოვრებელი სახლის და ავტომობილის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 35 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი” ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.