ამერიკულ გაზზე ევროპის დამოკიდებულება რუსული მოდელის გამეორებაა – ანალიტიკოსი

მილსადენებით მიწოდებული რუსული გაზი ევროპამ ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირით (LNG) ჩაანაცვლა, მაგრამ -ის საწვავზე მზარდი დამოკიდებულება, თავის მხრივ, ახალ რისკებს წარმოშობს – ეს მოსაზრება ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (NUPI) ანალიტიკოს კასპერ შულეცკის ეკუთვნის.
გათხევადებული გაზის (LNG) გადამამუშავებელი ქარხანა კამერონში, ლუიზიანას შტატი. 2020 წლის 26 აგვისტოანდრეი კაბალიერო-რეინოლდსი/ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ არქივის ფოტო
„ევროკავშირი ერთ დამოკიდებულებას მეორეთი ანაცვლებს“, -ამბობს ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (NUPI) ანალიტიკოსი, კასპერ შულეცკი, რომელიც ანგარიშის – „ბუნებრივ აირზე ევროპის არჩევითი სიბრმავე“ – თანაავტორია. NUPI-ის, Clingendael Institute-ის და Ecologic Institute-ის ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკული გათხევადებული გაზის წილმა ევროკავშირის მიერ 2025 წელს მთლიანად იმპორტირებული LNG-ის ნახევარზე მეტი შეადგინა, რაც წლიურად 61%-იან, 2019 წელთან შედარებით კი 485%-იან ზრდას ნიშნავს.
შულეცკის თქმით, ეს ტენდენცია 2025 წელს, მას შემდეგ გაძლიერდა, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა ევროპას ახალი ტარიფებით დაემუქრა. -ის გათხევადებული გაზის იმპორტის გაზრდა პოლიტიკურ დათმობად იქცა, რამაც ბრიუსელი აიძულა, 750 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების LNG-ის შესყიდვის პირობა დაედო, თუმცა ფიქსირებული ფასი არ შეთანხმებულა.
„ამერიკული გაზი, მოლაპარაკების დროს, ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა“, – აღნიშნა შულეცკიმ.
ანგარიში ასევე ხაზგასმულია, რომ გათხევადებული ამერიკული გაზი, ხშირად, ევროკავშირის გარემოსდაცვით სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, განსაკუთრებით – მიწოდების ჯაჭვში ემისიების სრული ანგარიშგების კუთხით. „ვაშინგტონს სურს, რომ მის მიერ გაყიდული გაზის ეკოლოგიურ პარამეტრებზე ევროკავშირმა თვალი დახუჭოს“, – მიიჩნევს შულეცკი, რომელიც შექმნილ სიტუაციას ევროკავშირის კლიმატურ მიზნებთან „შეუთავსებელს“ უწოდებს.
ამ გაურკვევლობას ფასების არასტაბილურობაც ემატება – ევროპაში გაყიდული ამერიკული LNG-ის დიდი ნაწილი სპოტ ბაზრებზე (ბაზარი, სადაც ხორციელდება საქონლით ან ვალუტით ვაჭრობა დაუყოვნებელი მიწოდებით – რედ.) ხვდება, რაც გაზისა და ელექტროენერგიის საბითუმო ფასებს არაპროგნოზირებადს ხდის.
მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა, ანგარიშის ავტორები ამტკიცებენ, რომ დივერსიფიკაციის ამჟამინდელი სტრატეგია ხარვეზიანია.
„ერთი დომინანტი მომწოდებლის მეორეთი ჩანაცვლებით ნამდვილი ენერგოუსაფრთხოება არ მიიღწევა. ამისთვის საჭიროა განახლებადი ენერგიის გამომუშავების გაზრდა და წიაღისეული საწვავის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, დენ იორგენსენი ამ შეშფოთებას იზიარებს და გამოდის გაფრთხილებით, რომ აშშ-ის გათხევადებულ გაზზე დამოკიდებულება ევროკავშირს ახალ საფიქრალს უჩენს, განსაკუთრებით – გრენლანდიის კრიზისისა და ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე.
წყარო: 1 არხი

ასევე დაგაინტერესებთ