„ამერიკის ხმის“ თანამშრომლები ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს, „რადიო თავისუფლებას“ კი აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ ფედერალური გრანტები გაუუქმა

„ამერიკის ხმის“ თანამშრომლები ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს, „რადიო თავისუფლებას“ კი -ის გლობალური მედიის სააგენტომ ფედერალური გრანტები გაუუქმა
ტელეკომპანია ABC News-ის ინფორმაციით, „ამერიკის ხმის“ (Voice of America) სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლებმა ადამიანური რესურსების დეპარტამენტისგან მიიღეს ელექტრონული წერილი, რომლის მიხედვითაც, ისინი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს.
წერილში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ შვებულებაზე მყოფ თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, შევიდნენ სამთავრობო შენობებში ან გამოიყენონ სამთავრობო სისტემები, მათთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირადი ელფოსტისა და მობილური ტელეფონის საშუალებით.
პარალელურად, ჟურნალისტმა ტარა პალმერიმ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან მიიღო „რადიო თავისუფლების“ გრანტის შეწყვეტის შესახებ შეტყობინება, რომელიც დილით გაეგზავნა მენეჯმენტს. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ გააუქმა „რადიო თავისუფლების“ ფედერალური გრანტები.
„გრანტი აღარ შეესაბამება სააგენტოს პრიორიტეტებს. შესაბამისად, პრეზიდენტის 2025 წლის 14 მარტის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე, რომელიც ავალდებულებს სააგენტოს, აღმოფხვრას ყველა არასავალდებულო აქტივობა, სააგენტო წყვეტს გრანტს“,- აღნიშნულია წერილში.
შეტყობინების თანახმად, „რადიო თავისუფლებას“ უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება 30 დღის ვადაში. ორგანიზაციას ასევე მოუწოდებენ, რომ დროულად დააბრუნოს ყველა გამოუყენებელი თანხა, რომელიც გრანტის ფარგლებში მიიღო.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს შვიდი ფედერალური სააგენტოს გაუქმებას. მათ შორის არის სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს „ამერიკის ხმას“, „რადიო თავისუფლებას“ და აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სხვა მედიასაშუალებებს მსოფლიოში. ამის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, აღნიშნული სააგენტოების ხელმძღვანელებს დაევალათ, გააუქმონ ყველა ფუნქცია, რომელიც არ არის კანონმდებლობით დადგენილი, ეს ასევე მოიცავს პერსონალის შემცირებას.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ტრამპის განკარგულება ეხება აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს, რომელიც, „ამერიკის ხმის“ გარდა, აფინანსებს Radio Free Europe/Radio Liberty-ს და Radio Free Asia-ს. ამ ორგანიზაციების ბიუჯეტი დაახლოებით 270 მილიონი დოლარია და 2 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ. ეს მედიასაშუალებები მიზნად ისახავენ მსოფლიოში მიუკერძოებელი ახალი ამბების გავრცელებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიცია ძალიან რთულ ვითარებაშია, საბაბებს ეძებენ, თავიდან აიცილონ არჩევნებში მონაწილეობა, ვინაიდან იციან, რომ მათი რეიტინგი კიდევ უფრო მკვეთრად და დრამატულად შემცირებულია, ვიდრე იყო საპარლამენტო არჩევნების დროს