„ამერიკიდან შემოდის 1 წლით ძველი ნუში“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა თორნიკე ლათათიამ ნუშის გაზრდილი იმპორტისა და ექსპორტის მიზეზებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ეს მომაკვდინებელი არაა, მაგრამ ის დადებითი თვისებები, რის გამოც ნუშს მოიხმარენ, ამ პროდუქტს აღარ აქვს.
ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ამბობს, რომ იმპორტის გაზრდაში რაღაც როლს რეექსპორტის გაზრდა თამაშობს, ვინაიდან სომხეთში ამერიკული ნუშის 90% საქართველოს გავლით შედის.
„როგორც იმპორტია გაზრდილი, ასევე რეექსპორტია გაზრდილი. ხშირ შემთხვევაში, სომხეთში რა მოთხოვნაცაა ნუშზე, ძირითადად ამერიკიდან შემოდის 90% და საქართველოს გავლით ხდება რეექსპორტი. იმპორტის გაზრდაში რაღაც როლს ეს თამაშობს. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ პანდემიის შემდეგ ტრაფიკი გაიზარდა, მოხმარებაც იზრდება. საკმაოდ დიდი რეკლამირება ხდება დადებით თვისებებზე, რაც ამ კაკლოვან კულტურებს აქვს და რაციონში შევიდა, როგორც ჯანსაღი პროდუქტი,“ – ამბობს თორნიკე ლათათია.
გარდა ამისა, მისი თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ქართული ნუში ხარისხით და სასარგებლო თვისებებით ამერიკულს სჯობს.
„ქართული ნუში, ხარისხობრივად მნიშვნელოვნად ჯობია ამერიკულ ნუშს, იმ მიზეზით, რომ ჩვენი იმპორტიორები ნუშს ყიდულობენ წლის ბოლოს, აგვისტო-სექტემბერში, ეს ის პერიოდია, როცა ამერიკაში ახალი მოსავალი მოდის, ძველი მარაგებია დარჩენილი და ამოყიდვაზე არიან და დემპინგურ ფასად ყიდიან. ჩვენთან რა ნუშიც შემოდის, კონკრეტულად იმ პერიოდში შემოდის, როცა წინა წლის მოსავალი აქვთ ამოსაყიდი და 1 წლით ძველი მოსავალი შმეოდის. ეს მომაკვდინებელი არაა, მაგრამ ის დადებითი თვისებები, რის გამოც ნუშს მოიხმარენ, ამ პროდუქტს აღარ აქვს“, – ამბობს თორნიკე ლათათია.
რაც შეეხება იმპორტის გაზრდილ მაჩვენებელს, თორნიკე ლათათიას თქმით, ამის მიზეზი მოთხოვნის ზრდა და ფასის დასტაბილურებაა.
„მომავალ წლებში იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლები კიდევ გაიზრდება იმიტომ, რომ ქართული პროდუქტი სერიოზულ კონკურენციას გაუწევს უცხოურს, როგორც ხარისხობრივი, ისე საფასო კუთხით. ადგილზე სანედლეულო ბაზები შეიქმნა და ამიტომ პროდუქტის ღირებულება რითეილ ბაზარზე შემცირდა. თუ შარშან წინ და შარშან ნუში 35-40 ლარი ღირდა, ახლა ფასი დასტაბილურდა“, – ამბობს თორნიკე ლათათია.