რობერტ მენენდესი დამნაშავეა: „უცხოურ აგენტობასთან“ დაკავშირებით ამერიკელი სენატორის პირველი გასამართლების მნიშვნელობა, – ამის შესახებ სტატიას ჟურნალისტი, ადამ კლასფელდი აქვეყნებს.
სამშაბათს, დემოკრატი სენატორი ნიუ ჯერსიდან, რობერტ მენენდესი 16 საქმეზე დამნაშავედ ცნეს.
მენენდესმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებს, თუმცა პოლიტიკური შედეგების გარდა, საბრალდებო აქტის მე-14 და მე-15 პუნქტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: აღნიშნული პუნქტები მენენდესს ადანაშაულებს, რომ იგი ეგვიპტის მთავრობის სასარგებლოდ აგენტად მოქმედებდა და ამისთვის აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობას იყენებდა.
„ბობ მენენდესის „უცხოურ აგენტობასთან“ დაკავშირებით გასამართლებამ შეიძლება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი კანონის აღდგენის შესახებ იუსტიციის დეპარტამენტის ხანგრძლივი საბრალდებო სტრატეგია განამტკიცოს, რათა აშშ-ში უცხოური გავლენა შეზღუდოს.
იმ ეპოქაში, როდესაც დეზინფორმაცია – განსაკუთრებით უცხოელი აქტორები – ღრმა გავლენას ახდენენ ყველა საარჩევნო ციკლზე, სტიქიურ უბედურებაზე ან პანდემიაზე, ამან შეიძლება უფრო გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს, ვიდრე კაპიტოლიუმის ბორცვზე მყისიერი გამოხმაურებაა.
ბობ მენენდესს ბრალი 2023 წელს ქრთამის აღების საქმეზე წაუყენეს, ხოლო მიმდინარე წლის მარტში, პროკურორებმა მეოთხე დამატებითი ბრალდება წამოაყენეს, რომლის მიხედვითაც მენენდესი პოლიტიკური საქმიანობის შესრულებისას აშშ-ში ეგვიპტის მთავრობისა და ეგვიპტის ოფიციალური პირების აგენტად მოქმედებდა.
მენენდესამდე არც ერთი ამერიკელი სენატორისთვის არ წაუყენებიათ ბრალი ან გაუსამართლებიათ 18 USC § 219 კანონის მიხედვით, რომელიც საჯარო მოხელეების უცხოურ აგენტებად მოქმედებას კრძალავს“, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„ჩემთვის ეს საქციელი უფრო ამაზრზენია, რადგან ეს ის ადამიანია, ვინც ფიცი დადო. ეს არის ადამიანი, რომელიც აშშ-ის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს, როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალაუფლებაზე წარმოუდგენელი წვდომა აქვს და ჩვენ მას ვანდობთ გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც აშშ-ის ინტერესებს გამოხატავს. ამის ნაცვლად ის უცხოური მთავრობის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა“, – განაცხადა ყოფილმა პროკურორმა, ბარბარა მაქკუადმა.
კანონი, რომლის დარღვევისთვისაც მენენდესი გაასამართლეს, „საჯარო მოხელეების უცხოური სუბიექტის აგენტებად მოქმედებას კრძალავს, რომლებიც უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) შესაბამისად უნდა დარეგისტრირდნენ ან ლობისტის, რომელიც 1995 წლის ლობირების გასაჯაროების აქტის შესაბამისად უნდა დარეგისტრირდეს, უცხოური სუბიექტის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით“.
„აშშ-ის კონგრესმა FARA 1938 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ნაცისტური პროპაგანდის გამოვლენის მიზნით მიიღო. კანონი ავალდებულებდა ნებისმიერს, ვინც ეწეოდა პოლიტიკურ ან პროპაგანდისტულ საქმიანობას უცხოური მთავრობების სახელით, დარეგისტრირებულიყო იუსტიციის დეპარტამენტში, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ან სამოქალაქო დევნა დაემუქრებოდა.
FARA უცხოური მთავრობების სახელით ლობირებას არ კრძალავს, მაგრამ რეგისტრაციისა და გასაჯაროების სისტემას ქმნის. ამჟამად, იუსტიციის დეპარტამენტის FARA-ს მონაცემთა ბაზაში 514 აქტიური სუბიექტია დარეგისტრირებული.
იუსტიციის დეპარტამენტი ბრალდებას, რომლითაც მენენდესი გაასამართლეს, ასახელებს, როგორც „FARA-სთან დაკავშირებულ“ სტატუტს, რადგან იგი ამ კანონისგან ერთი მნიშვნელოვანი თვალსაზრისით განსხვავდება“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
„საჯარო მოხელეებს უცხოურ აგენტებად მოქმედება არ შეუძლიათ, მაგრამ ეს ტექნიკურად FARA-ს მიღმაა, რადგან მთავარი ისაა, რომ რეგისტრაცია არ არსებობს, რადგან ამის გაკეთება არ შეიძლება“, – აღნიშნა ყოფილმა ფედერალურმა პროკურორმა, ბრენდან ვან გრაკმა.
ვან გრაკი იუსტიციის დეპარტამენტის FARA-ს განყოფილებას ხელმძღვანელობდა და სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის უფროსი თანაშემწის რანგში ეჭვმიტანილი უცხოელი აგენტების საქმეებს განიხილავდა.
ვან გრაკის განცხადებით, კანონი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოიყენებოდა, სანამ პროკურორებმა კანონის აღსრულება 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის მთავრობის თავდასხმის შემდეგ არ გააძლიერეს.
„მიულერის გამოძიებიდან გამომდინარე FARA-ს მრავალი საქმე უცხოური გავლენის ოპერაციებს ეხება, რომელშიც რუსეთი, თურქეთი და უკრაინაში პრო-კრემლისტური ფრაქციები მონაწილეობდნენ.
2017 წელს დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინმა დანაშაული აღიარა, რომ FBI-სთან იცრუა, მათ შორის თურქეთის მთავრობასთან მისი კავშირების შესახებ. ფლინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგის, ფეთჰულაჰ გიულენის წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიის წარმოების სანაცვლოდ, მისი სადაზვერვო კომპანიის მეშვეობით 500,000 დოლარი მიიღო. საბოლოოდ, ფლინმა დანაშაულის აღიარება უარყო, მას შემდეგ რაც ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ბილ ბარმა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები გააუქმა.
თუმცა, მიულერის გუნდმა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ თავმჯდომარეს პოლ მანაფორტს, მის მოადგილეს რიკ გეითსა და ლობისტ სემ პატენს ბრალი წაუყენა, რომელიც უკრაინაში პოლიტიკურ ჯგუფებთან გარკვეულ კავშირებს ეხებოდა.
2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე კრემლის თავდასხმასთან დაკავშირებით მიულერმა რუსეთის 13 მოქალაქესა და სუბიექტს ბრალი წაუყენა, თუმცა მათი გასამართლება არ შედგა, რადგან ბრალდებულების ექსტრადირება ვერ მოხერხდა.
გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტის მიერ FARA-ს აღსრულება ყურადღების ქვეშ მოექცა და მენენდესის დამნაშავედ ცნობამ შესაძლოა იგი ამ კრიტიკისგან დაიცვას“, – აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ენდი ვრაითმა, Just Security-ის რედაქტორმა, რომელიც FARA-ს რეფორმას მხარს უჭერს, განაცხადა, რომ FARA „უამრავ აქტივობას ფარავს, რომელიც ადამიანების ინტუიციას სცდება“.
„იუსტიციის დეპარტამენტი უფრო აგრესიული აღსრულებით დაინტერესდა, რესურსები გამოყო და უფრო აგრესიული ქმედებები მიიღო, ზოგიერთი იმდენად აგრესიულიც კი იყო, რომ მათ იურიდიული მარცხი განიცადეს“, – აღნიშნა ვრაითმა.
მენენდესისთვის განაჩენის გამოტანის დღეს, იმავე პროკურატურამ, CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსისა და საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფროსი თანამშრომლის, სუ მი ტერის წინააღმდეგ, ახალი ბრალდება წარადგინა. პროკურორები ტერის, Washington Post-ის ჟურნალისტ მეუღლეს, მაქს ბუტს ადანაშაულებენ, რომ ის სამხრეთ კორეის დაზვერვის ოფიციალურ პირებთან ფარულად თანამშრომლობდა ძვირადღირებული ჩანთების და იმ ანალიტიკური ცენტრის ანგარიშზე 37,000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ, სადაც ის იმ დროს მუშაობდა.
ყოფილი პროკურორი, ბარბარა მაკქუადი თვლის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა გააგრძელებს FARA-ს გამოყენებას, როგორც ინსტრუმენტის, იმ მიზნით, რომ „უცხოურ აგენტებს, რომლებიც თავიანთი გეგმების განხორციელებას მარიონეტების გამოყენებით ცდილობენ, პასუხისმგებლობა დააკისროს“.