უკრაინაში ომის გამო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერების ინიციატორი ამერიკელი სენატორები პუტინის ეკონომიკაზე „უროთი დარტყმის“ საშუალებად მიიჩნევენ კანონპროექტს, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესში ამ თვეში უნდა განიხილონ.
რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა ტელეკომპანია CBS-ისთვის 13 ივლისს მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი თვეების განმავლობაში ცდილობდა პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიეყვანა, თუმცა უკრაინაზე დარტყმების რაოდენობა, პირიქით, გაიზარდა, ამიტომ შესაძლებლობის კარი იხურება.
რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების, ლინდსი გრემის და რიჩარდ ბლუმენტალის მიერ ინიციირებულ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის საწინააღმდგეო სანქციების გაძლიერებას ითვალისწინებს, კიდევ 80-ზე მეტი თანაავტორი ჰყავს.
სენატორ გრემის განცხადებით, ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპისთვის იქნება „ურო პუტინის ეკონომიკაზე დარტყმისთვის“ და დარტყმისთვის ყველა იმ ქვეყანაზეც, რომლებიც პუტინის სამხედრო მანქანას ეხმარებიან.
რესპუბლიკელი სენატორის თანახმად, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია რუსეთისგან ნავთობს და სხვა საქონელს ყიდულობენ, პუტინი კი ამ ფულს ომისთვის იყენებს. გრემის ინფორმაციით, კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს მისცემს შესაძლებლობას 500%-ით დაბეგროს იმპორტი ნებისმიერი ქვეყნიდან, რომელიც რუსეთს ეხმარება. ლინდსი გრემის განცხადებით, დამატებითი სანქციებია გათვალისწინებული უშუალოდ რუსეთისთვისაც.
დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა CBS-სთან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ „უროს“ გამოყენებას მხარს უჭერენ ევროპელი ლიდერებიც. ბლუმენტალმა ხაზი გაუსვა გეგმასაც, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენებას უკრაინის საჭიროებებისთვის.
სენატორები ბლუმენტალი და გრემი, რომლებიც გასულ კვირაში რომში მონაწილეობდნენ უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში, მაისში კი კიევში იმყოფებოდნენ, მიიჩნევენ, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სწრაფად უნდა იმოქმედოს.
რაც შეეხება კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანას, ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, სენატში რესპუბლიკელების უმრავლესობის ლიდერმა ჯონ თუნმა განაცხადა, რომ კანონპროექტს განსახილველად გაიტანს პრეზიდენტ ტრამპის თანხმობის შემთხვევაში.
კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერის, მაიკ ჯონსონის თანახმად, კანონპროექტს მას შემდეგ განიხილავენ, რაც დოკუმენტს მხარს სენატი დაუჭერს. სანქციების კანონპრექტის ერთ-ერთი ავტორის, სენატორ გრემის განცხადებით, მას პრეზიდენტისგან თანხმობა აქვს.
ფორუმი
