ამერიკა წელს მესამედ აღნიშნავს “ჯუნთინის” დღესასწაულს. დღე, როდესაც შეერთებული შტატების მოსახლეობა სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ შავკანიანი მოქალაქეების მონობის დასრულებისა და მათი ემანსიპაციის პროცესის დაწყებას აღნიშნავს.
დღესასწაულის სახელწოდება მომდინარეობს 1865 წლის 19 ივნისიდან, როდესაც ამერიკის არმიის გენერალ-მაიორი გორდონ გრეინჯერი გალვესტონში, ტეხასის შტატში ჩავიდა და დაახლოებით 250 000 მონას აცნობა, რომ ისინი თავისუფალნი იყვნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაცჩრდილოეთის შტატების კავშირსა და სამხრეთის კონფედერაციის შტატებს შორის ოთხწლიანი ომი დასრულდა.
გრეინჯერის ბრძანებამ აღასრულა 1863 წლის 1 იანვარს იმდროინდელი პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის მიერ ხელმოწერილი ემანსიპაციის პროკლამაცია. პროკლამაციამ მთელ კონფედერაციაში 3 მილიონზე მეტი დამონებული შავკანიანი გაათავისუფლა. თუმცა, მისი რეალური ამოქმედება ომის დასრულებამდე არ მომხდარა, სანამ 2 წლის შემდეგ, კონფედერაცია არ დანებდა.
შავკანიან მოსახლეობაში ამ თარიღს, როგორც მონობის ფაქტობრივ დასასრულს, სულ აღნიშნავდნენ, თუმცა ეს კერძო ზეიმები იყო და არა – სახალხო დღესასწაული. “ჯუნთინის” პირველი ოფიციალური აღნიშვნა 1980 წელს მოხდა, როდესაც ტეხასმა ის სახელმწიფო დღესასწაულად გამოაცხადა. ფედერალურ დონეზე კი “ჯუნთინი” ამერიკაში მხოლოდ სამი წელია აღინიშნება.
“ჯუნთინის” ფედერალურ დღესასწაულად ქცევის იდეას განსაკუთრებული ბიძგი 2020 წელს გააქტიურებული მოძრაობის ფარგლებში მიეცა. მოძრაობის მთავარი სლოგანია: “შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია” და მისი მხარდამჭერები ძირითადად შავკანიანი მოქალაქეების მიმართ პოლიციის მიკერძოებულ დამოკიდებულებას თუ სხვა დისკრიმინაციულ ქმედებებს აპროტესტებენ.
“ჯუნთინის” ეროვნულ დღესასწაულად ქცევაში განსაკუთრებული როლი აქვს ოპალ ლის – პენსიაზე გასულ აფროამერიკელ მასწავლებელს და აქტივისტს, რომელიც ცნობილია როგორც “ჯუნთინის ბებია”. ბავშვობაში ლი შეესწრო, როგორ ვანდალურად მოექცა 500-კაციანი თეთრკანიანთა ჯგუფი მის ოჯახს და როგორ გადაუწვეს გოგონას სახლი.
2016 წელს, 89 წლის ასაკში, მან კამპანია წამოიწყო და ასობით ათასი კილომტერი გაიარა იმისთვის, რომ ტეხასში ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადებული “ჯუნთინი” ვაშინგტონსაც ეღიარებინა და ის ფედერალურ დღესასწაულად გამოეცხადებინა.
მისი ძალისხმევა რეალობად 2021 წელს იქცა, როდესაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც ჯუნთინს მე-11 ეროვნული დღესასწაულის სტატუს ანიჭებს.