ამერიკა “მადლიერების დღეს” აღნიშნავს

თეთრ სახლში ტრადიციული ყოველწლიური ცერემონიის დროს პრეზიდენტმა ობამამ ორი ინდაური შეიწყალა. ამერიკელები ჩვეულებრივ “მადლიერების დღეს” ინდაურის ხორცისაგან დამზადებულ კერძს მიირთმევენ.
შეწყალებულ ორ ინდაურს “დისნეი ლენდში” გადაიყვანენ და იქ ადგილობრივ ნაკრძალში გაუშვებენ. როგორც პრეზიდენტმა იხუმრა, მას ქალიშვილებმა სთხოვეს ინდაურების შეწყალება. ინდაურების შეწყალების ტრადიციას დასაბამი 20 წლის წინ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჩაუყარა. რაც შეეხება თვით “მადლიერების დღეს” იგი 1863 წელს პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის განკარგულებით დადგინდა. ნოემბრის ყოველ ბოლო ხუთშაბათს ამერიკელები იმ დღიდან “მადლიერების დღეს” აღნიშნავენ.

ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ პირველად ეს დღე 1621 წელს ინგლისელმა კოლონისტებმა მასაჩუსეთში ამერიკელ ინდიელებთან ერთად აღნიშნეს. მას შემდეგ რაც ინდიელებმა კოლონისტებს ასწავლეს, თუ როგორ უნდა გაეზარდათ მოსავალი და ენადირათ ახალ კონტინენტზე.