ამერიკაში “ბოინგის” თვითმფრინავის ავარიას სწავლობენ

-ს ოფიციალურმა პირებმა იპოვეს პანელი, რომელმაც “ალასკას ავიახაზების” თვითმფრინავის ავარიული დაშვება გამოიწვია. “ბოინგ 737 მაქს 9”-ის თვითმფრინავს აფრენისას კარის პანელი მოწყდა, რამაც ბორტზე წნევის ვარდნა გამოიწვია. თვითმფრინავი პარასკევს ორეგონის შტატის ქალაქი პორტლენდიდან აფრინდა და კალიფორნიისკენ მიმავალ გზაზე, მოწყვეტილმა კარმა პილოტები აიძულა უკან დაბრუნებულიყვნენ.
თვითმფრინავი, რომელზეც 171 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იყო, უსაფრთხოდ დაეშვა.
შაბათს აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ გასცა ბრძანება “ბოინგ მაქს 9” ტიპის 171 თვითმფრინავის დროებითი მომსახურებიდან ამოღების შესახებ.
თვითმფრინავის მოწყვეტილი კარის ნაწილი კვირას პორტლენდის სკოლის მასწავლებელმა იპოვა მის ეზოში. ახლა ექსპერტები მომხდარის მიზეზებს სწავლობენ.
მომხდარის შედეგად, კომპანია “ბოინგის” აქციები ორშაბათს შეერთებულ შტატებში 8%-ით დაეცა.
თუ ზარალი შენარჩუნდება, კომპანია დაკარგავს 12,5 მილიარდ დოლარზე მეტს, რაც თითქმის ახალი თვითმფრინავის გამოშვების ღირებულებაა.
ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ კვირას განაცხადა, რომ “ბოინგ მაქს 9” ფლოტის ყველა თვითმფრინავის ფრენა შეჩერებულია იქამდე სანამ არ შეისწავლიან მომხდარის გამომწვევ მიზეზებს.
საავიაციო ანალიტიკური კომპანია “სირიუმის” მონაცემებით, 171 თვითმფრინავიდან, რომლებიც ამ ფლოტს ეკუთნის, 144 შეერთებულ შტატებში დაფრინავს. თუქრეთის, პანამის, მექსიკის და ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტრომებმა განაცხადეს, რომ ისინიც შეაჩერებენ თვითმფრინავების ფრენებს, გამოძიების დასრულებამდე.
ამერიკის ავიაციის ადმინისტრაციამ თავდაპირველად განაცხადა, რომ შემოწმებას ოთხიდან რვა საათამდე დასჭირდებოდა, რაც ნიშნავს, რომ თვითმფრინავები შეიძლება ძალიან სწრაფად დაუბრუნდნენ მომსახურებას.
მაგრამ შემოწმების კრიტერიუმები ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული ადმინისტრაციასა და “ბოინგს” შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაკომპანიებს ჯერ არ მიუღიათ დეტალური ინსტრუქციები, განაცხადეს ამ საკითხზე მომუშავე პირებმა.
“ალასკას ავიახაზებმა” განაცხადა, რომ მას ჯერ კიდევ არ მიუღია მითითებები ბოინგისგან. ავიაკომპანიამ კვირას 170 და ორშაბათს დამატებით 60 ფრენა გააუქმა. ამის გამო, მგზავრობის შეფერხებები, სავარაუდოდ, გაგრძელდება მინიმუმ კვირის შუამდე.
2018 და 2019 წლებში “ბოინგის მაქს 8” ტიპის ორი თვითმფრინავი ჩამოვარდა და 346 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინ ბოინგის ამ თვითმფრინავების სრულ ფლოტს თითქმის 2 წლის განმავლობაში ფრენა აკრძალული ჰქონდა კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დადგენამდე. ორივე შემთხვევაში გამოძიებამ დაადგინა, რომ კატასტროფის გამომწვევი მთავარი მიზეზი ავტოპილოტის გაუმართავი მუშაობა იყო.