სამშაბათს საღამოს (თბილისის დროით ოთხშაბათს, დილის 6 საათზე) აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ პირველად გამოვა სიტყვით კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე და, როგორც მოსალოდნელია, თავის გამოსვლაში უკრაინასთან დაკავშირებულ გეგმებზეც ისაუბრებს. Reuters-ის თანახმად, ტრამპი თავის გამოსვლაში განცხადებას გააკეთებს უკრაინასთან წიაღისეულის საკითხზე შეთანხმების შესახებ, რომელსაც, სავარაუდოდ, უახლოეს დროში მოაწერენ ხელს.
როგორც BBC შენიშნავს, ეს არ არის პრეზიდენტის ყოველწლიური სიტყვა „ქვეყანაში მდგომარეობის შესახებ“, მაგრამ მნიშვნელობით უტოლდება მას.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვა რომლის სახელწოდებაა „ამერიკული ოცნების აღორძინება“, შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისგან:
· ტრამპის მეორე ვადის პირველი მიღწევები აშშ-სა და საზღვარგარეთ;
· ადმინისტრაციის ეკონომიკური წარმატებები;
· კონგრესისადმი მოთხოვნა, დამატებითი დაფინანსება გამოიყოს საზღვრების უსაფრთხოებისა და დეპორტაციისთვის;
· მსოფლიოში მშვიდობის დამყარების ტრამპისეული გეგმები.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა Fox News-ს შეატყობინა, რომ პრეზიდენტი სხვათა შორის ისაუბრებს უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე, ასევე ღაზაში ისრაელელი მძევლების განთავისუფლების პირობებზე.
როგორც გამოცემა Axios იტყობინება რამდენიმე კონგრესმენზე დაყრდნობით, დემოკრატი კანონმდებლები ტრამპის გამოსვლის დროს პროტესტის გამოხატვის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ.
ზოგიერთმა დეპუტატმა კოლეგებს უთხრა, რომ დარბაზის დატოვებას აპირებენ, როცა გაიგებენ მათთვის მიუღებელ კონკრეტულ ფრაზებს.
სხვები აპირებენ კონგრესში მიიტანონ პლაკატები, კვერცხების კოლოფები (იმის შესახსენებლად, თუ როგორ გაძვირდა აშშ-ში კვერცხები) და აშშ-ის კონსტიტუციის ეგზემპლარები. განიხილება პროტესტის სხვა ფორმებიც.
