„ამას გვკარნახობს ფერისცვალება… მხოლოდ ცოცხლების დღესასწაული“ – გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე:
„ხვალ ფერისცვალება დგება. ჩემი მთავარი დღესასწაული.
განა არ ვიცი, რომ ადამიანი საკუთარ წარსულს ეყრდნობა, გუშინდელი დღეების ჯამია და სხვანი, მაგრამ ხშირად ეს შეჯამება იმ დღეების გამოკლებას უნდა გულისხმობდეს, ვიდრე შეკრებას.
ეგრე მგონია და კიდევ ის, რომ გუშინდელი დღის არდაზუთხვით ვვითარდებით, უცხო გზაზე სიარულით და ხელახლა დაბადებით. მტკივნეული დაბადებით. იმ დაბადებით, როცა დაბადებულს ტკივა, რადგან თვითონვეა დამბადებელი.
ფერისცვალების მთავარი არსიც ესაა. ამადაც გვეშინია ფერიცვალების – მწიფე ზაფხულის ჩამავალ მზესავით მობერებულ, უფორმო სხეულიდან გამოსვლა და სხვაგან გადაბარგება გვიჭირს. არადა, ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა – ადამიანად ყოფნის საუკეთესო ნიშანი.
კი, ძველის მიტოვება ტკივილს გულისხმობს – შეჩვევის და სითბოს დაკარგვის, ახლის მიღების, უცხოს და რთულის შიშს. მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. ან არის და უკან მიდის.
სანამ ცოცხალი ვართ, ამის ძალა მაქვს და გაქვს. ამიტომაც ამბობენ მკვდრებზე კარგს ან არაფერს და ცოცხლებზე – ყველაფერს.
ამას გვკარნახობს ფერისცვალება. მხოლოდ ცოცხლების დღესასწაული.“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ