ალუდა ღუდუშაური ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებაზე – ეს არის ოპოზიციის მხრიდან ისეთი მდარე ხარისხის სპეკულაცია, რომ მათ მიერ განხორციელებულ სპეკულაციებთაგანაც კი მაჩანჩალა, ბოლო ადგილზეა

ეს არის ოპოზიციის მხრიდან ისეთი მდარე ხარისხის სპეკულაცია, რომ მათ მიერ ადრე განხორციელებულ სპეკულაციებთაგანაც კი მაჩანჩალა, ბოლო ადგილზეა – ამ ხელოვნურად შემოტანილ პოზიციას არჩევნების მაღალი ხარისხის ჩატარებასთან არც პირდაპირი და არც ირიბი ბმა არ აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ცესკოს ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა უქმდება.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის მთავარი მიზანია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა ისეთ დონეზე იყოს, რომელიც გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ, დღევანდელი კანონმდებლობა მართლაც სანიმუშოა.
„ეს არის ოპოზიციის მხრიდან მორიგი სპეკულაციის ძალიან მდარე ხარისხის უნიჭო მცდელობა, იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციამ იცის, რომ პირწმინდად აგებს არჩევნებს, ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მათ არანაირი შანსი არ აქვთ. პრაქტიკულად, ყველაფერს აკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ჯანსაღ დისკუსიას თავი აარიდონ. ცდილობენ, რომ ის მარცხი, რომელიც 2024 წლის შემოდგომაზე არჩევნებზე ელოდებათ მათ, შემდეგ უკვე დააბრალონ იმას, რომ იქ რომ [ცესკო-ს ოპოზიციონერი] მოადგილე ჰყოლოდათ, მაგ შემთხვევაში გაიმარჯვებდნენ. ეს არის ისეთი მდარე ხარისხის სპეკულაცია, რომ იმ სპეკულაციებთაგანაც კი, რომელიც მათ ადრე განუხორციელებიათ, იქაც კი მაჩანჩალა, ბოლო ადგილზეა ეს სპეკულაცია”, – განაცხადა ღუდუშაურმა.