ალი და ნინოს სიყვარულის ისტორიაზე შექმნილი მუსიკალური კლიპი – ორ ენაზე შესრულებულ სიმღერაზე გადაღებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია “რუსთავი 2-ის” ეთერში

სამ დღეში დასრულებული გადაღება, პრეზენტაცია “რუსთავი 2-ის” ეთერში და ალი და ნინოს სიყვარულის ისტორიაზე შექმნილი მუსიკალური კლიპი – ძველი ქართული სიმღერა “ჯეირანი”, მომღერლებმა დავით ნეფარიძემ და მანანა ჯაფარიძემ, ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე პირველად შეასრულეს.
ძველი ქართული სიმღერის ტექსტი დათო ნეფარიძისთვის ინსპირაციად ჯერ კიდევ წლების წინ იქცა. მაშინ, როცა 90-იანი წლების საქართველოდან, მომღერალი მანანა ჯაფარიძე აზერბაიჯანში გაემგზავრა და წარმატებული კარიერა დაიწყო. 27 წლის შემდეგ, ქართულ-აზერბაიჯანული დუეტი ჩაიწერა.

კლიპის პრემიერა საქართველოში, გუშინ, დახურულ ჩვენებაზე შედგა. სპეციალურად ამ დღისთვის, აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი, მანანა ჯაფარიძე ბაქოდან სამშობლოში ჩამოვიდა. “ჯეირანის” საბოლოო ვერსია პირველად მომღერალმაც სტუმრებთან ერთად ნახა.
დახურულ ჩვენებაზე კლიპის პრეზენტაციასთან ერთად, აზერბაიჯანული ესტრადის ვარსკვლავმა მსმენელისთვის რამდენჯერმე იმღერა. სტუმრებმა დათო ნეფარიძის კიდევ ერთი საპრემიერო სიმღერაც მოისმინეს, რომლის სატელევიზიო დებიუტიც “რუსთავი 2-ის” ეთერში შედგა.

პროექტის ჯგუფმა, კლიპის გადაღება ბაქოდან დაიწყო, რამდენიმე ლოკაცია 1 დღეში მოიცვა და თბილისში, ზუსტად 2 დღეში დაასრულა. სიუჟეტი, ალის და ნინოს სცენარის მსგავსად, სიყვარულის ისტორიას ყვება.
კლიპის მთავარი იდეა ხალხთა შორის ურთიერთობაა. ქართველი გოგოს და აზერბაიჯანელი ბიჭის სასიყვარულო ისტორია, ორ ქვეყნის მეგობრობის სიმბოლოა.
საქართველოში “ჯეირანის” პრემიერა მსმენელისთვის, “რუსთავი 2”-ის ეთერში შედგა. აზერბაიჯანში კი ახალ ვიდეორგოლს, დეკემბერში აჩვენებენ.