„ჩვენ გვაქვს ორი თვალნათლივი მაგალითი: ერთ შემთხვევაში, „ოცნების“ ხელისუფლების თუ რეჟიმის სახით, რეჟიმი ებღაუჭება ძალაუფლებას და სახელმწიფოს ტრადიციულ მოკავშირეებთან ურთიერთობების გაწყვეტას ხსნის უსაფრთხოების, ხან რაღაც სხვა, აბსურდული მოტივებით. არსებობს მეორე მოდელი, როდესაც ჩვენი მეზობელი სახელმწიფო -აზერბაიჯანი სუვერენულ, თავმოყვარე პოლიტიკას აწარმოებს, აქვს სუვერენული საგარეო პოლიტიკა, აგერ, რუსეთს ბოდიშიც მოახდევინეს, იძულებული გახადეს, რომ კომპენსაციაზე დათანხმებულიყო ავიაკატასტროფის მსხვერპლთათვის,“ – გვიყვება დიპლომატი გიორგი ბადრიძე.
მას ორი კონკრეტული შეხვედრის შესახებ ვესაუბრეთ: ალიევის შეხვდა ზელენსკის და ყველაფერი ნათელია, თუ რა იცვლება კონკრეტულად ამით.
მეორე შეხვედრა რამდენიმე დღის წინ იყო თბილისში – ალიევი ივანიშვილს შეხვდა ირაკლი კობახიძის ფონზე. მანამდე ალიევს თბილისში უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტი სადიგოვი გადასცეს…
„აღარც ბაქოში და აღარც ერევანში საქართველოს სანდო პარტნიორად, ეკონომიკურად მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არეალთან დასაკავშირებლად აღარ განიხილავენ. საქართველო განიხილებოდა სანდოდ მაშინ, როდესაც ის იყო დაკავშირებული თავის დასავლელ პარტნიორებთან, როდესაც ის განიხილებოდა პროდასავლურ ქვეყნად. ქვეყანა, რომელზედაც ამხელა გავლენა მოიპოვა რუსეთმა, დღეს ობიექტურად ვერ იქნება ისეთი უეჭველი დასაყრდენი, როგორიც მანამდე იყო.
რუსეთის გაცხადებული ამოცანაა, რომ არ დაუშვას სამხრეთ კავკასიის დასხლტომა – გაქცევა რუსეთის კონტროლის სფეროდან,“ – გვიყვება გიორგი ბადრიძე.
„ბათუმელებმა“ დიპლომატ გიორგი ბადრიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. გიორგი ბადრიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
- ბატონო გიორგი, ზელენსკი-ალიევის შეხვედრის შემდეგ მკაფიოდ ჩანს, რა იქნება შემდეგ, რას მიიღებს უკრაინა კონკრეტულად. ალიევი 6 აპრილს შეხვდა ირაკლი კობახიძეს, ასევე არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ჩვენ პრაქტიკულად არ ვიცით, რას შეეხო ეს ვიზიტი. რას ნიშნავს ეს, რასთან გვაქვს საქმე?
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ საყვარელი თემის – სახელმწიფო სუვერენიტეტის ხშირი გამეორების მიუხედავად, დღევანდელი საქართველო ივანიშვილის მმართველობაში სუვერენიტეტისგან საკმაოდ დაცლილია. აზერბაიჯანი მოქმედებს, როგორც ნამდვილი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ვერანაირად გამართლება „ოცნების“ პირობებში ვერ იქნება ის, რომ ამას რუსეთის რიდით აკეთებენ, სხვადასხვა უსიამოვნებისგან თავის ასაცილებლად.
თავდაპირველად ეს იყო გაცხადებული „არგაღიზიანების პოლიტიკა“, რაც დაიწყო უკრაინასთან ჯერ დისტანცირებით, მერე მასთან დაპირისპირებით. ამას გვიხსნიდნენ იმით, რომ უკრაინამ თავის დროზე შეიფარა წინა ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი, ზოგიერთი მათგანი ძალიან მაღალ თანამდებობაზეც კი აღმოჩნდა. ამ არგუმენტის პრობლემა იმაშია, რომ უკრაინასთან ურთიერთობების გაციება და მერე გაფუჭება დაიწყო, ვიდრე იქ პირველი ქართველი აღმოჩნდებოდა წინა ხელისუფლების წარმომადგენელი.
ეს იყო შეგნებულად გაკეთებული რუსეთის გულის მოსაგებად და გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესით. ეს არ იყო საქართველოს ინტერესებში.
ჩვენ ვხედავთ, რომ ამ დროს მეზობელი აზერბაიჯანი ახერხებს თავის ინტერესებში მოქმედებას, ჭეშმარიტად სუვერენული პოლიტიკის გატარებას და ამ პროცესში ის, მათ შორის, რუსეთთან ზოგჯერ პირდაპირ პრინციპულ პოზიციაზე დადგომასაც არ ერიდება, როგორც ეს იყო, მაგალითად, ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმა რუსეთის მიერ აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ – აზერბაიჯანმა სერიოზული სანქციები დააწესა, გადადგა ნაბიჯები რუსული ორგანიზაციების და რუსული აგენტურის წინააღმდეგ თავის ტერიტორიაზე.
აზერბაიჯანის სუვერენული, თანმიმდევრული პოლიტიკა გამოიხატება ასევე აზერბაიჯანის უკრაინასთან პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებაში და ზოგ შემთხვევაში ეს ეხება, როგორც აღმოჩნდა, თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში.
ვერავინ დააბრალებს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას, რომ ის უპასუხისმგებლოდ ექცევა აზერბაიჯანის უსაფრთხოების საკითხებს. აზერბაიჯანი, მგონი, ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა თავისი მოკავშირეების დახმარებით, პირველ რიგში იმით, რომ თანმიმდევრული პოლიტიკით შეცვალა ძალთა თანაფარდობა სამხრეთ კავკასიაში.




