სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა დღეს აბუ-დაბიში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მიიღეს არაბთა გაერთიანებული საამიროების დამაარსებლის, ზაიიდ ბინ სულთან ალ ნაჰაიანის სახელობის ჯილდო (Zayed Award).
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა „ზაიიდის სახელობის ადამიანური ძმობის ჯილდო“ – ორ ქვეყანას შორის დაანონსებული სამშვიდობო შეთანხმებისათვის.
„მდგრადი დიალოგის, ნდობის აღდგენის ღონისძიებებისა და ჰუმანიტარული ინიციატივების მეშვეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მაგალითი მისცეს სხვებს და აჩვენეს, რომ სტაბილურობა და თანამშრომლობა მიღწევადი მიზნებია“, – წერია Zayed Award-ის ვებსაიტზე.
ორგანიზატორთა თანახმად, Zayed Award-ის მფლობელები ერთი მილიონი აშშ დოლარით ჯილდოვდებიან.
· 2025 წლის 8 აგვისტოს სომხეთმა და აზერბაიჯანმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციით რამდენიმე შეთანხმებას მიაღწიეს, მათ შორის „ტრამპის მარშუტზე“.
· ამჟამად მიმდინარეობს „მშვიდობის ინსტიტუციონალიზების“ პროცესი;
· მხარეებს ჯერჯერობით კვლავ არ მოუწერიათ ორმხრივი, საბოლოოდ სამშვიდობო შეთანხმებისთვის ხელი – ბაქოს პოზიციით, დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, სანამ სომხეთი კონსტიტუციას არ შეიცვლის.
· სომხეთის მთავრობა ცვლილებას გეგმავს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ კონსტიტუციას ბაქოს მოთხოვნის საფუძველზე არ ცვლის და ეს თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.
„ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას“ – ალიევი
ლიდერებმა ჯილდოზე ნომინირებისათვის მადლობა გადაუხადეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, აბუ-დაბის მმართველს, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანს.
· ჯილდო მისი მამის, ზაიიდ ბინ სულთან ალ ნაჰაიანის სახელობისაა. ჯილდო 2019 წელს შემოიღო მოქმედი მმართველის ძმამ, ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანმა.
ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს, ასევე ჯილდოს შესარჩევ კომისიას და თქვა, რომ ამ ჯილდოს მიღება მისთვის დიდი პატივია.
„დღეს დილას მე შევხვდი ჩემს სომეხ კოლეგას და განვიხილეთ, როგორ წავიწიოთ წინ“, – თქვა მან სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ ვსწავლობთ მშვიდობიან ცხოვრებას. ეს განსაკუთრებული გრძნობაა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
„რაც ხდება, წარმოუდგენელია“ – ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც და იმედი გამოთქვა, რომ მოახერხებს ტრამპის „დამსახურებლი ნობელის პრემიის დაჯილდოვების ცერემონიაზე დასწრებას“.
სომხეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ განვითარებული მოვლენები ათწლეულების განმავლობაში წარმოუდგენლად ჩანდა; მან აღნიშნა, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში სიტყვები „მშვიდობა“, „სომხეთი“ და „აზერბაიჯანი“ იშვიათად ახსენდებოდათ ერთად.
„სწორედ ამიტომ, ის, რაც 2025 წელს მოხდა და ის, რაც დღეს ხდება, ნამდვილად წარმოუდგენელია“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ორმხრივი შეხვედრა
დაჯილდოვების ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე ალიევი და ფაშინიანი აბუ-დაბიში ორმხრივ ფორმატშიც შეხვდნენ ერთმანეთს.
„მხარეები მიესალმნენ ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის შედეგების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს“, – ნათქვამია ფაშინიანის ადმინისტრაციის მიერ მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.
„მათ აღნიშნეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის წინსვლის პოზიტიური იმპულსის შენარჩუნების მნიშვნელობა“.




