ალიევი ამბობს, რომ ძირითადად სომხეთზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება სიტუაცია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის შემდეგ ვითარების განვითარება ძირითადად, ერევანზე იქნება დამოკიდებული, ბაქო კი არ უგულებელყოფს პოტენციურ საფრთხეს.
„როგორ განვითარდება ომისშემდგომი სიტუაცია, ეს ძირითადად სომხეთზეა დამოკიდებული. ჩვენ აღვადგინეთ ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, დავამთავრეთ სეპარატიზმი და კონტროლი ავიღეთ საკუთარ საზღვრებზე. ჩვენთვის ეს საკითხი დახურულია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოტენციური საფრთხეებისა და რისკების უგულებელყოფას ვაპირებთ. ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ ღირსეული პასუხი გავცეთ“, — განაცხადა ალიევმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე „ახალი მსოფლიო წესრიგისკენ“.
მისივე თქმით, „სასიკვდილო იარაღი, რომელსაც სომხებს მათი ახალი მოკავშირეები აწვდიან, არ უწყობს ხელს მშვიდობასა და სტაბილურობას“. მისი თქმით, „ეს მხოლოდ გაზრდის მომავალში დაძაბულობის ალბათობას“.
13 მარტის ინფორმაციით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეათანხმეს “სამშვიდობო შეთანხმების” პროექტი, თუმცა შეთანხმებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერიათ იმის მიუხედავად, რომ ერევანმა და კონკრეტულად ნიკოლ ფაშინიანმა მზაობის შესახებ რამდენჯერმე განაცხადა. ამასთან, სამშვიდობო პროცესის პარალელურად სასაზღვრო ინციდენტები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკანასკნელი კვირების განმავლობაში გახშირდა – ყველა ასეთ ბრალდებას ბაქო უყენებს ერევანს.