დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მეუღლის, სევინჩ სადიგოვას თქმით, 12 ნოემბერს მეუღლე ინახულა, სადაც საავადმყოფოს მთავარ ექიმსაც შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრას ციხის ოფიცერი და მთავარი ექიმი ქალიც ესწრებოდნენ.
“მთავარმა ექიმმა თქვა, რომ აფგანი შესაძლოა სიცოცხლის ბოლომდე ინვალიდი დარჩეს, შესაძლოა მოკვდეს ან კომაში ჩავარდეს. მოითხოვეთ შიმშილობის შეწყვეტაო. მე კი ვუთხარი, ძვირფასო ექიმო, ჩვენ დიდი ხანია მკვდრები ვართ, ვკვდებით, როდესაც კანონები კვდება და სასამართლოები ასრულებენ ბრძანებებს. როდესაც სხვა ქვეყნის ხელმძღვანელობამ ერთი ქვეყნის ამაზრზენი პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, ყველაფერი მოკლა. კანონები, უფლებები და ადამიანობა. ახლა აფგანის ჯანმრთელობა და თავისუფლება ჩემთვის სამყაროს ნიშნავს. მაგრამ ეს მისი არჩევანია. პირობა დავდე, რომ ბოლომდე ჩემ ქმრის გვერდით ვიქნები. ილჰამ ალიევის რეჟიმი და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, ორივე სახელმწიფოს სათავეში მყოფი მკვლელები ერთ დღეს მსოფლიო მართლმსაჯულების წინაშე აგებენ პასუხს. აფგანი კვდება, მაგრამ ამაყი და ძლიერია. ეს ნიშნავს, რომ სიკვდილი არ არის დასასრული, არამედ დასაწყისია. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუნდაც ბოლო სიკვდილი იყოს!”- ამბობს სადიგოვის მეუღლე.
სევინჩ სადიგოვა აღნიშნავს, რომ ექიმთან საუბრის დროს, ციხის ოფიცერს “არ მოეწონა ის, რაც საქართველოს ხელისუფლებაზე თქვა და უთხრა კიდეც ეს”. სადიგოვა ამბობს, რომ “უსამართლო შენიშვნაზე ციხის ოფიცერმა საკადრისი პასუხი მიიღო.”
ცოლის თქმით, აფგან სადიგოვი უკვე 53-ე დღეა შიმშილობს. სადიგოვა ამბობს, რომ ქმარს, როგორც ყოველთვის, მინის მიღმა შეხვდა.
პირველ ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, რის საფუძველზეც თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის წინააღმდეგ “ნაკლებად შემზღუდავი ზომა” (გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება) გამოეყენებინა და პატიმრობა ძალაში დატოვა.
“სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და უფრო ნაკლებად შემზღუდავი ზომა არ გამოიყენა – პატიმრობა ძალაში დატოვა. ჩვენი აზრით, აშკარად დაუსაბუთებელია ეს გადაწყვეტილება. პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ არ არსებობს აფგან სადიგოვის გაქცევის ან მიმალვის რისკები, რითაც პროკურატურა აპელირებს.
პროკურატურას არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ამგვარი რისკები არსებობს. სადიგოვი დასუსტებულია, ის ვერ გადაადგილდება, მას მცირეწლოვანი შვილები ჰყავს აქ, ხოლო აზერბაიჯანში წასასვლელი არ აქვს. მას პასპორტიც კი ჩამორთმეული აქვს და ქვეყნიდან გასვლას ვერ შეძლებს. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ მიმალვის რისკი არსებობს, არის აბსურდული”, – ამის შესახებ ნეტგაზეთთან “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ განაცხადა.
აფგან სადიგოვი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.