ალექს ჩიღვინაძე: აქამდე სად იყავითო, კითხულობენ პროპაგანდისტები? საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დეკემბერში მოპოვებულ ერთ-ერთ პირველ ეთერში ილაპარაკეს ექიმებმა, აღწერეს რა საგანგაშო სიტუაცია იყო და თქვეს თითქმის იგივე, რაც BBC-ის გამოძიებაში

ალექს ჩიღვინაძე, მწერალი:
ვახტანგ გომელაურმა, ყოფილმა მინისტრმა, დაადასტურა, რომ ის ნივთიერებები, რაზეც BBC-ის ფილმში ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდათ. თუ გავითვალისწინებთ ბრალდების სიმძიმეს, დარწმუნებული თუ არ ხარ, რატომ შეიძლება მოიტყუო, რომ ეს ნივთიერება გქონდა? აი, რა გექაჩება ენაზე? შეგიძლია თქვა ‘არ მახსოვს' ან ‘არ გვქონდა'. მაგრამ ვახოს გათვლით, ესეც ნაცებისთვის უნდოდა შეეტენა, თუმცა არ გამოუვიდა და ფაქტიურად, ‘აღიარებითი' ჩვენება მისცა.
უბრალოდ წარმოიდგინეთ, ხარება შედის საწყობში, სადაც აწყვია ეს ტოქსიკური ნივთიერებები. რამე დაუშლიდა ხელს ამ ტიპს, რომ ისინი არ გამოეყენებინა? მორალი დაუშლიდა ხელს, პროფესიული ეთიკა, ზნეობა თუ ქიმიის ცოდნა?
ხარება შედის საწყობში და ეუბნებიან, რომ “აი, ესეთი ფხვნილიც გვაქვს და გავურიოთ თუ არა წყალში? მაგრა აეწვებათ ყველაფერი და შეიძლება გული აერიოთ. და ხარებას შეიძლება ეპასუხა, რომ ‘არა, შეჩერდით, ხალხს გავუფრთხილდეთ, შემთხვევით ვინმე არ მოვწამლოთ?' – ხომ გამორიცხულია ეს?
ანუ ამ სადისტს ჰქონდაო ეს ნივთიერება და მე ნებართვა მივეციო, ვახომ. პრემიერმაც „მოსულაო“, მიდი, 0 თანაგრძნობაო. კადრები არსებობს, როგორ უნდა უარყოთ? 21 წლის ალექსი თირქია არსებობს, რომელსაც თავის ქალა აქვს დალეწილი; კომაში იყო 21 წლის ბიჭი, მაშინ, როცა პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ამის ჩამდენებს ღირსების ორდენები ჩამოკიდეთ.
რაღაც ეჭვი კი არ არსებობს, ფაქტობრივად დადასტურებულია, რომ მოგვწამლეს. და აქამდე სად იყავითო, კითხულობენ პროპაგანდისტები? საზოგადოებრივ მაუწყებელზე, დეკემბერში მოპოვებულ ერთ-ერთ პირველ ეთერში ილაპარაკეს ექიმებმა, აღწერეს რა საგანგაშო სიტუაცია იყო და თქვეს თითქმის იგივე, რაც BBC-ის გამოძიებაში.
რა უნდა უქნათ იმ კვლევის შედეგებს, რომ 350 ადამიანიდან თითქმის ნახევარს 30 დღეზე მეტი გაუგრძელდა გვერდითი მოვლენები: დაღლილობა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ღებინება, ფილტვების ანთება, გულის პრობლემები.
“ოცნება“ ისევ იმედოვნებს, რომ გავა დრო და ეს უმძიმესი ამბავიც ყველას მიავიწყდება. აი, რამე ახალ “ტრიუკზე” გადავერთვებით.
მაგრამ აუცილებელია გამოძიების გაგრძელება. ხელისუფლების დანაშაული არა მხოლოდ ამ ნივთიერებების გამოყენებაა, არამედ ისიც რომ არ ჩაატარეს ე.წ. “დეკონტამინაცია”, არ გაწმინდეს ტერიტორია და ვინც რუსთაველის მიდამოებში ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს, მეორადი დაბინძურების მსხვერპლი შეიძლება გამხდარიყო.
მაგალითად, რუსთაველის თეატრის გვერდით, კაფეში რომ შესულიყავი, 5 წუთში გრძნობდი თავბრუსხვევას და გულისრევას. და ადამიანებს მთელი დღე უწევდათ იქ მუშაობა. სკოლაში და უნივერსიტეტშიც მალევე განახლდა სწავლა და პრემიერი ამბობს, ახლა ვატარებთ გამოძიებას, “კამიტი” ნაღდად არ იყო, მაგრამ ზუსტადაც არ ვიცით რა იყო, აი, ახლა გამოვიძიებთ და გეტყვით რითი დაგწამლეთო.
ვინ აგებს პასუხს გრძელვადიან რისკებზე? ‘კამიტია' თუ სხვა მსგავსი ნივთიერება, ეს ტოქსინები ხშირად კანცეროგენულია, იწვევს სიმსივნეს და სასუნთქი სისტემის შეუქცევად დაზიანებას.