რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გადაჰყავთ. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ეს გამომდინარეობს ვლადიმირში მდებარე სასამართლოს შეტყობინებიდან.
სასამართლოზე მოსამართლემ წაიკითხა ფედერალური პენიტენციური სამსახურის რეგიონული ფილიალიდან 12 დეკემბერს მიღებული ცნობა, რომლის თანახმად, ნავალნიმ დატოვა მე-6 კოლონია, სადაც ბოლო დრომდე იმყოფებოდა და გადაჰყავთ ვლადიმირის რეგიონის ფარგლებს გარეთ მდებარე გამოსასწორებელ კოლონიაში.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა მოსკოვის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 4 აგვისტოს განაჩენი. „მაშინ სასამართლომ ექსტრემისტული საზოგადოების შექმნისა და დაფინანსების ბრალდებით, ნავალნის 19 წელი მიუსაჯა სპეციალური რეჟიმის კოლონიაში მოხდით“.
სასამართლო სხდომა გადაიდო 18 დეკემბრამდე, “სანამ არ გაირკვევა ნავალნის ადგილსამყოფელი“. ეს კი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კრემლის ოპონენტს, მსჯავრდადებულ ნავალნის კოლონიაში ჩაიყვანენ.
რუსეთში დაახლოებით 30 სპეციალური რეჟიმის კოლონია არსებობს. მათ შორისაა „პოლარული ბუ“, „შავი დელფინი” და „თეთრი გედი“. მათში სასჯელებს იხდიან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტები ან ის მსჯავრდადებულები, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.
სპეციალური რეჟიმის კოლონიებში მაქსიმალურად მკაცრი პირობებია. მსჯავრდადებულები მომეტებული კონტროლის ქვეშ იმყოფებიან, საკნებში ფანჯრებს და კარებს აქვს ორმაგი რკინის გისოსები, ხოლო პატიმრები ბადრაგის საშუალებით ნახევრად მოხრილ მდგომარეობაში გადაადგილდებიან. მათ მკაცრად აქვთ შეზღუდული მიმოწერა და პაემანი.
11 დეკემბერს ნავალნის ადვოკატს შეატყობინეს, რომ მისი კლიენტი შრომა-გასწორების კოლონიიდან უცნობ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ნავალნის თანამებრძოლები შიშობენ, რომ შესაძლოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.