რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცხედარი სალეხარდის რაიონული კლინიკური საავადმყოფოს მორგშია. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ გამოცემა „ნოვაია გაზეტა ევროპაზე“ დაყრდნობით იუწყება.
ადგილობრივმა სასწრაფოს თანამშრომლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მორგს პოლიცია იცავს. ერთ-ერთი ექიმის თქმით, მისმა კოლეგებმა ნავალნის სხეულზე კრუნჩხვისთვის დამახასიათებელი სისხლჩაქცევები აღმოაჩინეს.
„ასეთი დაზიანებები ჩნდება კრუნჩხვის შედეგად. ადამიანი კრუნჩხვაშია, ცდილობენ მის შეკავებას, მაგრამ კრუნჩხვები შესაძლოა იმდენად ძლიერი იყოს, რომ სისხლჩაქცევები გააჩინოს“, – ამბობს ექიმი.
მისი ინფორმაციით, კოლეგებმა ნავალნის მკერდზე, სავარაუდოდ, გულის მასაჟის კვალიც აღმოაჩინეს.
„მაინც სცადეს მისი გადარჩენა, თუმცა უშედეგოდ. ის, სავარაუდოდ, გულის გაჩერებით გარდაიცვალა. მაგრამ რატომ მოხდა ეს გაჩერება, ჯერ არავინ არაფერს ამბობს“, – დაასკვნა წყარომ.
„ნოვაია გაზეტა ევროპას“ ცნობით, ცხედარს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია. სავარაუდოდ, ადგილობრივი ექიმები მოსკოვიდან სპეციალისტების ჩამოსვლას ელოდებიან. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების მიღებამდე გარდაცვლილის ცხედრის ნათესავებისთვის გადაცემა შეუძლებელია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნის დედა ლუდმილა და მისი ადვოკატი მივიდნენ სალეხარდის მორგში, მაგრამ ის დაკეტილი დახვდათ. მათ სატელეფონო საუბრისას უთხრეს, რომ ნავალნის ცხედარი იქ არ იყო.
ცნობისთვის, რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის კოლონიაში მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ 16 თებერვალს განაცხადა.
ნავალნის თანამოაზრეები მის სიკვდილს მკვლელობას უწოდებენ.
რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალებას მსოფლიოს ლიდერებიც გამოეხმაურნენ.
რუსეთის ქალაქებში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ოპოზიციონერის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები დაიწყო. რუსეთში საპროტესტო აქციაში მონაწილეები დააკავეს.
ალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები საქართველოშიც გაიმართა.