ალექსანდრე ტაბატაძე – ქართველს ხალხს არასდროს უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, როგორზეც ჩვენ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში გვაქვს საუბარი – კომისიის შექმნა დროული კი არა, ცოტა დაგვიანებულიცაა

ქართველს ხალხს არასდროს უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, როგორზეც ჩვენ ამ დოკუმენტში გვაქვს საუბარი – ალბათ, სწორედ ამ და უამრავი ჩვენი ისტორიული გამოცდილების [გათვალისწინებით], ქართველი ხალხი აღარასოდეს მოიყვანს ხელისუფლებაში ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამას აკადრებს და რომელიც ამას დაატეხავს თავზე, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალექსანდრე ტაბატაძემ კომისიის ბოლო სხდომაზე განაცხადა.
ტაბატაძის შეფასებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა „დროული კი არა, ცოტა დაგვიანებულიც შეიძლება იყოს“.
„მინდა ვთქვა ის, რომ აღნიშნული კომისია დროული კი არა, შეიძლება იყო ცოტა დაგვიანებულიც, მაგრამ მიზანი, რომელიც მას ჰქონდა, ვფიქრობ, რომ შეასრულა. ამას მოწმობს ის დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც ამ 6 თვის განმავლობაში იყო. ჩვენი კომისიის თითოეული სხდომა იყო ძალიან ყურებადი და უყურებდა ჩვენი მოსახლეობის თითქმის ყველა თაობა, მათ შორის ახალგაზრდები. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კომისიის მუშაობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კომისიაში არის მასალა, რომელიც ეყრდნობა რეალურ ფაქტებს, გარემოებებს. ეს მასალა არის აბსოლუტურად დოკუმენტური. ვუერთდები ჩვენი კოლეგების მოსაზრებას, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ მგონია, რაიმე დოკუმენტი მოიძებნებოდეს, როგორც ეს ასახულია ამ კომისიის დასკვნაში.
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას თანამშრომლობისთვის. წარმატება ჩვენს ქვეყანას! მართლაც ვფიქრობ იმას, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს, მას არასდროს არ უნდა ჰყავდეს ის ხელისუფლება, რაზეც ჩვენ ამ დოკუმენტში გვაქვს საუბარი. ეს იყო მართლაც რეჟიმი, რომელიც მოქმედებდა. ალბათ, სწორედ ამ და უამრავი ჩვენი ისტორიული გამოცდილების [გათვალისწინებით] ქართველი ხალხი აღარასოდეს არ მოიყვანს ხელისუფლებაში ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამას აკადრებს და რომელიც ამას დაატეხავს საკუთარ თავს თავზე“,- განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ – „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე“ მუშაობა დაასრულა და 430 გვერდისგან შემდგარი დასკვნის პროექტი წარადგინა.