საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
– ბატონო ალექსანდრე, 4 ოქტომბრის არჩევნებამდე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი – „4 ოქტომბრის არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე არაპოპულარული და უალტერნატივო არჩევნები იქნება, გახლეჩილია ოპოზიცია, ერთიანი პოზიციის არარსებობა და მკვეთრი დაპირისპირებაა“.
ახლა ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის ლიდერების უმეტესობის წინააღმდეგ სხვადასხვა მუხლით სისხლის სამართლის საქმეების წარმოება დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გახარიას პარტიის „მეორე შემადგენლობა“ პარლამენტში შევიდა, გახარიას 20 ივნისისა და ჩორჩანას საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
ეს ყველაფერი ხდება იმის ფონზე, რომ ხელისუფლებას ოპოზიცია „რუსულ ოცნებას“ ეძახის, თავის მხრივ ხელისუფლება ყველას „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ და „აგენტებად“ მოიხსენიებს. რჩება შთაბეჭდილება რომ ივანიშვილი ოპოზიციას ჭადრაკს ეთამაშება, ოპოზიცია კი აგრძელებს ხელისუფლებასტთნ შაშის თამაშს.
თქვენ როგორ შეაფასებდით სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციის ურთიერთობას, რასაც წლებია ვადევნებთ თვალს?
სანამდე შეიძლება მიიყვანოს პოლიტიკური პროცესი იმ ვითარებამ, რომელშიც ვართ და, რომლის პოლიტიკურ პროცესად მოხსენიება სულ უფრო ჭირს?
– ხომ სიმართლე გითხარით წინა ინტერვიუში? ისტორიას განვითარების იმანენტური ხისტი კანონები აქვს, რომლებიც ან არ ვიცით, ან არ გვახსენდება ან კიდევ პატივს არ ვცემთ მათ.
ერთ-ერთი ასეთი მრავალჯერ „ნაცადი“ კანონის თანახმად, ნებისმიერი იდეოლოგიის მქონე ოლიგარქიული რეჟიმი, როგორი რბილიც არ უნდა იყოს ის, ჩამოყალიბების დასკვნით სტადიაზე აუცილებლად იწყებს თავისი ყოფილი თანამებრძოლეების მოსპობას.
ერთ-ერთი ასეთი მრავალჯერ „ნაცადი“ კანონის თანახმად, ნებისმიერი იდეოლოგიის მქონე ოლიგარქიული რეჟიმი, როგორი რბილიც არ უნდა იყოს ის, ჩამოყალიბების დასკვნით სტადიაზე აუცილებლად იწყებს თავისი ყოფილი თანამებრძოლეების მოსპობას
ჰიტლერის მიერ შემუშავებული „გრძელი დანების ღამე“ თვითდამკვიდრებისთვის ჭირდება ყველა ოლიგარქიულ სახელისუფლებო სტრუქტურას. პოლიტიკური კარიერისტები ამ კანონზე თვალებს ხუჭავენ ხოლმე და მერე უკვირთ, როცა რეპრესიების უროს ქვეშ ექცევიან. გაიხსენონ ტროცკის, ბუხარინის, იაგოდას, ეჟოვის, ბოლოს და ბოლოს სერგო ორჯონიკიძის, მამია ორეხელაშვილის, ამბერკი კეკელიას, თუნდაც ლავრენტი ბერიას ბედი.
დღეს ჩვენ ვაკვირდებით „ქართული ოცნების“ წიაღში ახალი გავლენის ცენტრის დაარსებას, რომელიც ცდილობს ძალიან ხისტად ყველა ყოფილი ან პოტენციური კონკურენტი ჩამოიცილოს და შეაღწიოს უკლებლივ ყველა სახელისუფლებო, განსაკუთრებით ძალოვან, სტრუქტურაში. მაგრამ ამ მზის ქვეშ მუდმივი არაფერია, ყველაფერი წარმავალია, მმართველი ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით უხისტესი რეპრესიების მსხვერპლად შეიძლება მოგვევლინოს.




