საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
– ბატონო ალექსანდრე, ევროპულ სამყაროს, რომლისკენაც ჩვენივე კონსტიტუციის შესაბამისად თითქოს საქართველო მიისწრაფვის, საქართველოს ხელისუფლების მიმართ აქვს საკმაოდ კრიტიკული შენიშვნები. ევროპის საბჭომ 8 პუნქტიანი შენიშვნები წერილობით გამოგვიგზავნა.
მოვისმინეთ ამ შენიშვნებზე მმართველი პარტიის ლიდერების კომენტარებიც. არც შენიშვნები იყო მოულოდნელი და არც მათზე პასუხები, რადგან „ქართული ოცნებიდან“ კარგა ხანია გვესმის, – თითქოს ევროპა უკრაინა–რუსეთის ომში ცდილობს საქართველოს ჩართვას, ქართულ ტრადიციებს, მართლმადიდებლურ ეკლესიას ებრძვის და ლგბტ-ბისთვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ითხოვს, არადა, რეალურად, ამ თემის მიმართ თანასწორობას გვთხოვს.
ის რომ თურმე მსოფლიოს და ევროპას „გლობალური ომის პარტია“ და დიფ სთეითი ებრძვის, სოციოლოგიის თანახმად ამის გამოკითხულთა 49% სჯერა, რაც უდაოდ სახელისუფლებო პროპაგანდის შედეგია.
მოკლედ ასეა – ევროპა ჩვენგან კორუფციასთან ეფექტურ ბრძოლას, არაევროპული მიღებული კანონების გაუქმებას, მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გატარებას, საჯარო სივრცეში აზრის გამოხატვის უფლებების დაცვას და კიდევ ბევრ რამეს ითხოვს.
ასეთი არჩევანის წინაშე ვართ დაყენებული – თუ ევროკავშირი გინდათ – ან გააგრძელეთ ევროპისკენ სვლა, ან დაემშვიდობეთ ევროპულ სიკეთეებს – უვიზო მიმოსვლას, ევროპაში მკურნალობისა და სწავლის შესაძლებლობებს.
სახელისუფლებო პროპაგანდა ახლა იმაზეა მომართული რომ თურმე მკურნალობა ევროპის გარდა სხვაგანაც შეიძლება. თუ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა აქამდე ხელისუფლების დამსახურება იყო, ახლა ხელისუფლებიდან გვესმის, რომ ეს ასე არ ყოფილა.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმ რეალობას, რომელშიც ქვეყანა 2025 წლის ზაფხულშია აღმოჩენილი?
– ვიქნები კორექტული, არ ვიტყვი, რომ ხელისუფლების ნარატივი მლიქვნელობაა, ვიტყვი, რომ ამ ნარატივში აშკარაა ინფანტილური პარადოქსის ნიშნები.
მრავალი რუსული ანდაზიდან, რომლებსაც ალბათ მავანნი ეხლა ფრიადოსანი პიონერივით იზეპირებენ, მახსენდება ასეთი: ტულაში საკუთარი სამოვარით არ ჩადიან. არ შეიძლება ფეხბურთის თამაში ფრენბურთის წესებით, წითელ ბარათს გიჩვენებენ. ასეთი ბარათი ჩვენმა ხელისუფლებამაც დაიმსახურა.
ევროკავშირს აქვს ხისტად დადგენილი მსოფლმხედველობა, საზოგადოების მოწყობის წესები, სტანდარტები და თუ შენ ევროკავშირის წევრობა გინდა, რაც კონსტიტუციაში გვიწერია და რასაც, თუ დავიჯერეთ, 2030 წლისთვის ჩვენი ხელისუფლება გვპირდება, მაშინ შენ, მოგწონს შენ ეს თუ არ მოგწონს, ამ პრინციპებსა სტანდარტებს უნდა დაემორჩილო.
ჩვენ ევროკავშირი გვეუბნება, რომ ხელისუფლებამ დემოკრატიის პრინციპებს გადაუხვია და აყალიბებს ავტოკრატიულ რეჟიმს, ჩვენი სახელისუფლებო ბრძენნი კი გაიძახიან, რომ ომისკენ გვიბიძგებენ. მაპატიეთ, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს ბავშვური პარადოქსია. პოლიტიკოსები ერთ ენაზე უნდა ლაპარაკობდნენ. სხვა შემთხვევაში ასეთ დიალოგს მოჰყვება გაუგებრობა, დაბნეულობა და როგორც ბაბილონის გოდოლი, ქვეყანა თავზე დაგვემხობა.
ჩვენ ევროკავშირი გვეუბნება, რომ ხელისუფლებამ დემოკრატიის პრინციპებს გადაუხვია და აყალიბებს ავტოკრატიულ რეჟიმს, ჩვენი სახელისუფლებო ბრძენნი კი გაიძახიან, რომ ომისკენ გვიბიძგებენ. მაპატიეთ, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს ბავშვური პარადოქსია. პოლიტიკოსები ერთ ენაზე უნდა ლაპარაკობდნენ. სხვა შემთხვევაში ასეთ დიალოგს მოჰყვება გაუგებრობა, დაბნეულობა და როგორც ბაბილონის გოდოლი, ქვეყანა თავზე დაგვემხობა
ისმის კითხვა: ესმის ეს მარტივი ჭეშმარიტება ჩვენ ხელისუფალთ? რასაკვირველია, ესმით, მთლად მიამიტები ხომ არ არიან? ესმით, მაგრამ თავის გზას ურყევად მიყვებიან, გზის ბოლოს კი ჩიხია.
– ევროკავშირის სტრუქტურებს – ევროპარლამენტს, რომელიც ევროპელი პოლიტიკოსების საკრებულოა, ჩვენი ხელისუფლება რომ ევრობიუროკრატიას ეძახის, წლებია ბევრი რამ აქვთ გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველოს ჯერ ევროპასთან ასოცირებული შეთანხმება გაეფორმებინა, შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონოდათ ევროპაში უვიზო მიმოსვლის საშუალება, შემდეგ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციული პროცესები გაღმავებულიყო.
ევროპა საქართველოსგან რასაც ითხოვს, არ ითხოვს ჩინეთისაგან, ცენტრალური აზიის ქვეყნებისაგან, არც აზერბაიჯანისგან, რადგან მათ ევროკავშირში შესვლის სურვილი არც არასდროს გამოუთქვამთ. ევროპა ამ ქვეყნებთან თანამშრომლობს არა როგორც ევროკავშირის პოტენციურ წევრებთან, არამედ, როგორც პარტნიორებთან.
ჩვენი ხელისუფლების საუბრები და მოლოდინი იმაზე, რომ ევროპაში ლიბერალურ ელიტას, კონსერვატიული ელიტა ჩაანაცვლებს, ბევრი თვალსაზრისით გაუგებარიც კია. ასეც რომ მოხდეს მომავალში, ფაქტია, რომ ევროპელი კონსერვატიული იდეოლოგიაც თუნდაც ეკონომიკაში ლიბერალურ მიდგომებს იზიარებს.
ახლა როცა საქართველო ასე ახლოს იყო გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ეს არა თუ ვერ ხერხდება, შესაძლოა, დავკარგოთ კიდეც ამგვარი შესაძლებლობა.
ჩანს, რომ ევროსტრიქტურებიც ჩვენთან მიმართებაში ჩიხში არიან, რადგან ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე უარი ეთქვას.
რეკომენდაციების შესრულებას ვინ ჩივის, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ამ თემაზე საუბრისას თქვა, რომ „ევროპა უნდა გამოსწორდეს“.
სავარაუდოდ, როგორ შეიძლება დასრულდეს ევროსტრუქტურებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ის სერიოზული გაუგებრობები, რომელიც დღეისათვის არსებობს და კრიტიკული დრო შესაძლოა 31 აგვისტოს შემდეგ დადგეს?
– რაც თქვენ ბრძანეთ, სიმართლეა. ბატონ ირაკლი კობახიძეს ყველაფრის გამარტივება უყვარს, ხომ ხშირად გვსმენია მისგან: „საკითხი მარტივია“. ამ შემთხვევაში კობახიძე გამარტივების გზაზე ჩიხში შევიდა და დაასკვნა, რომ ვინაიდან მისი სულისკვეთება ევროპულს არ შეესაბამება, ევროპა უნდა შეიცვალოს. ტიპურად პოსტსაბჭოთა ფსიქოლოგიაა
ამასთან, მას ავიწყდება, რომ საქართველოსგან განსხვავებით, ევროპულ სახელმწიფოებში და ევროკავშირში მთლიანად, არსებობს ფუძემდებლური პრინციპები, რომელზეც ყველა თანხმდება.
ასეთი პრინციპი ოთხია: პირველი, კანონის უზენაესობა, მეორე, კანონმდებლობა უნდა პასუხობდეს საზოგადოების და არა მმართველი ელიტის ინტერესებს, მესამე, ადამიანების სრული თანასწორობა სქესის, ეროვნების, სარწმუნოების, სექსუალური ორიენტაციის, ეკონომიკური საქმიანობის და ა.შ.
კობახიძე გამარტივების გზაზე ჩიხში შევიდა და დაასკვნა, რომ ვინაიდან მისი სულისკვეთება ევროპულს არ შეესაბამება, ევროპა უნდა შეიცვალოს. ტიპურად პოსტსაბჭოთა ფსიქოლოგიაა
მიუხედავად და მეოთხე, ხელისუფლება უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს და არა პირიქით. როგორი ხელმძღვანელობა არ უნდა ყავდეს ევროკავშირს, ამ პრინციპების გადახედვა არ მოხდება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ევროკავშირი საერთოდ დაიშლება. ეს პრინციპები ურყევია, ისინი შეიძლება ვინმეს მოწონდეს ან არ მოწონდეს, მაგრამ მათ ყველა ემოეჩილება.
1991 წლიდან მოყოლებული ჩვენ თანმიმდევრულად ვცდილობდით ამ პრინციპებზე დაყდრნობით ჩვენი კანონმდებლობის სრულყოფას და საზოგადოებრივი მოწყობის რეფორმირებას და ამიტომაც გვქონდა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა.
და უცებ, უკვე 2020 წლის არჩევნების შემდეგ, არ ვიცი რა საბაბით, დაიწყო მცდელობა ქართველი კაცის შეგნებაში აღნიშნული პრინციპების ჩანაცვლება ვითომ პატრიოტული, „ძირძველი“ ქართული პრინციპებით. თუ დააკვირდებით ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ისინი უკლებლივ ყველა მიმართულია ამ პრინციპების საპირისპიროდ.
მიმაჩნია, რომ ევროკავშირის რეაქცია დაგვიანებულია. მათ ზარების რეკვა 2020 წლის არჩევნების შემდეგ უნდა დაეწყოთ. მიმაჩნია ამიტომ, რომ ბატონი ირაკლი კობახიძის მიდგომა ძირფესვიანად მცდარია. იგი ან იმდენად მიამიტია, რომ თავისი სიტყვების ჯერა, ან მიზანმიმართულად გვატყუებს.
