ჭიათურაში პოლიცია მობილიზებულია, რომ უსაფრთხოება და სიმშვიდე იყოს დაცული – მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვინც გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებისგან, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ჭიათურაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, პოლიცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ადგილზე დაცული იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება.
„საზოგადოება კარგად ადევნებს თვალს, რომ სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ერთი მხრივ, ჭიათურის მოსახლეობას ჰქონდეს დასაქმების საშუალება, მეორე მხრივ, კომპანიას შეექმნას პირობები იმისათვის, რომ აწარმოოს საკუთარი ბიზნესი და შესაბამისად, მოქალაქეებს ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება. ამ შემთხვევაში არსებობს კონკრეტული ჯგუფები, რომელმაც, კარგად ნახეთ თქვენ, რომ თავდასხმა განახორციელეს კომპანიის წარმომადგენელზე. მას მძიმე ჯანმრთელობის დაზიანება აქვს მიყენებული. დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები დაკავებული არიან. ამავე დროს, პოლიცია რჩება ადგილზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. პოლიცია არის ადგილზე მობილიზებული, რომ უსაფრთხოება და სიმშვიდე იყოს დაცული. მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვინც გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებისგან. პოლიცია გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ადგილზე დაცული იყოს მართლწესრიგი და უსაფრთხოება,“ – განაცხადა დარახველიძემ.




