ალეკო ცქიტიშვილი – ჩხრეკის მიზანია, უფლებადამცველი ორგანიზაციების დაშინება, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმი თავის განაჩენს წერს

მიზანი არის, რომ მოხდეს დაშინება უფლებადამცველი ორგანიზაციების, ვინც ამ რეპრესიების მთავარი ადრესატია , – ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, რითაც რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას გამოეხმაურა.
როგორც ალეკო ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ასეთი ქმედებებით „ივანიშვილის რეჟიმი თავის განაჩენს წერს.
„საბოლოო ჯამში მთავარი მიზანი არის, რომ მოხდეს დაშინება, ერთი მხრივ, უფლებადამცველი ორგანიზაციების, ვინც ამ რეპრესიების მთავარი ადრესატია და მეორე მხრივ, ადამიანების, ვინც უყურებს ამ თავდასხმებს სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე. ივანიშვილის რეჟიმს ჰგონია, რომ ამით რაღაცას შეცვლის ადამიანის ცნობიერებაში, დააშინებს მათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ თვითონ რეჟიმს უფრო ასუსტებს ასეთი ქმედებები. ადამიანებზე ეს უსამართლობა და ძალადობა საპირისპიროდ მოქმედებს. ივანიშვილის რეჟიმი თავის განაჩენს წერს ასეთი ქმედებებით“, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
ალეკო ცქიტიშვილის თქმით, სამოქალაქო აქტივისტების ჯარიმების დასაფარად ფონდი თანხას პირდაპირ სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე რიცხავდა, ამიტომ „ამაში რაიმე უკანონობა არაფერი იყო“.
„ფონდი ჩვენ დავაარსეთ იმისთვის, რომ სამოქალაქო პროტესტში მონაწილე აქტივისტებისთვის ჯარიმები გადაგვეხადა. ამ ჯარიმებს „ადამიანის უფლებათა სახლი“ იხდიდა მას შემდეგ, რაც გასაჩივრდებოდა სააპელაციო სასამართლოში ადმინისტრაციული ჯარიმა. თანხა უშუალოდ ირიცხებოდა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე, ამიტომ რაიმე უკანონო საქმიანობა ამ მხრივ წარმოუდგენელია არსებობდეს“, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, დილას, პროკურატურის წარმომადგენლებმა აქტივისტების – მარიამ ბაჯელიძისა და მარიამ გეგუჩაძის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელი ბინები გაჩხრიკეს.
პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.